გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის მისიის წარმომადგენელმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, საქართველოში განხორციელებული სამხედრო აგრესიიდან თითქმის 18 წელია გასული, თუმცა ასობით ათასი დევნილი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.

„საქართველოში სამხედრო აგრესიიდან თითქმის 18 წელია გასული, ასობით ათასი დევნილი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების ფუნდამენტურ უფლებას. როგორც გენერალური მდივნის მოხსენებაშია ასახული, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი არ ყოფილა.

ე.წ. „ბორდერიზაცია“ გრძელდება, რაც ზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას. ადგილობრივ მაცხოვრებლებს კვლავ აკავებენ ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო კვეთის გამო. ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა შეზღუდულია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გადაადგილება თაობათა შორის პრობლემად იქცა. ბავშვები იბადებიან დევნილობის პირობებში და იზრდებიან ისე, რომ ვერ ხედავენ სახლებს, საიდანაც მათი ოჯახები იძულებულნი გახდნენ გაქცეულიყვნენ. ეს ვითარება პირდაპირი შედეგია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უწყვეტი ოკუპაციისა.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სრულად შეასრულოს საერთაშორისო სამართლის შესაბამისი ვალდებულებები. რუსეთის ოკუპაცია კვლავაც ხელს უშლის დევნილებსა და ლტოლვილებს საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნებაში.

წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტი უფრო მეტს ეხება, ვიდრე უბრალოდ გადაადგილებას. იგი საშუალებას იძლევა დადასტურდეს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და ადამიანების უფლება - დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. თუ თქვენ ხმას მისცემთ ამ რეზოლუციას, მხარს დაუჭერთ გაეროს წესდების პრინციპებსა და დებულებებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს“, - განაცხადა მან.