რასაკვირველია, გამჭვირვალობის მოთხოვნა ლეგიმიტურია, მით უმეტეს, თუ ეს არის ორგანიზაციები, რომელთა მიმართაც ყველას აქვს კითხვები, თუ საიდან ფინანსდებიან და რა მიზნები აქვთ. ეს „ენჯეოები“, ფაქტობრივად, საკუთარი ქმედებებით ასოცირებულები არიან პოლიტიკურ ორგანიზაციებთან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა.
„ევროკავშირში ითხოვენ უცხო გავლენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათ გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში ჩასმას. წარმოვიდგინოთ, რომ შევედით ევროკავშირში და იქ უკვე დაგვხვდა ეს კანონი მიღებული. ეს არ არის „რუსული კანონი“, არამედ ისტერიკაა რუსული. ასე იყო სახელმწიფო გადატრიალების წინაც, 1991 წლის ბოლოს და 1992 წლის დამდეგს. ჩვენ გვაბრალებდნენ მაშინ იმას, რასაც აკეთებდნენ თვითონ და რაც შემდეგ იარაღის ძალით განახორციელეს.
ეს არასამთავრობოებად წოდებული, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ყოველთვის მოწოდებულნი არიან რევოლუციისკენ და უნდათ, საქართველოში გამოიწვიონ დესტაბილიზაცია და დაბრუნდნენ რამენაირად ხელისუფლებაში, იყენებენ ამ სიტუაციას და ამბობენ, რომ ეს არის „რუსული კანონი“, ამ დროს კი თვითონ აკეთებენ რუსულ საქმეს, რასაც თვითონ ვითომ სიტყვიერად ეწინააღმდეგებიან. ამ შემთხვევაში, თუ საქართველოში მიღებული იქნება ეს კანონი და მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს მიღებული, ეს არ ემუქრება არც ერთ არასამთავრობოს, რომელიც ლეგალურად იღებს გარკვეული პროექტების დაფინანსებას“, - თქვა ბიძინა გიორგობიანმა.