უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას რუსეთთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისთვის „შესაძლებლობის ფანჯარა“ მომდევნო ზამთრამდე აქვს. ზელენსკიმ ამის შესახებ CBS News-ის ინტერვიუში ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის მესამე არმიის კორპუსის მეთაურის, ბრიგადის გენერალ ანდრი ბილეცკის განცხადებას შეეხებოდა, რომ უკრაინას 6–9 თვე აქვს, რათა ფრონტზე ინიციატივა გადაიბაროს და პოზიციები გააძლიეროს, ზელენსკიმ უპასუხა: "დიახ, ეს სიმართლეა".
მისი თქმით, 2025 წლის დეკემბრიდან რუსეთი ფრონტზე ინიციატივას კარგავს და ეს ინფორმაცია მან დასავლელ პარტნიორებსაც გააცნო.
"იანვარში ვუთხარი მათ, რომ, ჩემი აზრით, გვაქვს მოლაპარაკებების ფანჯარა, რადგან ყოველ თვეს ისინი უფრო მეტ ადამიანს კარგავენ და ამის გამო ფრონტზე ინიციატივას დაკარგავენ.
ახლა მათ დაიწყეს მასირებული სარაკეტო თავდასხმები ჩვენს წინააღმდეგ და, კიდევ ერთხელ, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამას აკეთებენ, არის ის, რომ ბრძოლის ველზე მარცხს იწყებენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ ვერ შეძლეს იმაზე მეტი ტერიტორიის ოკუპაცია, ვიდრე ამავე პერიოდში დაკარგეს.
ამიტომ ახლა ზამთრამდე ეს დროის მონაკვეთი გვაქვს. მიმაჩნია, რომ ზამთრის დადგომამდე უნდა ვიპოვოთ გზა, დიპლომატიური გზა და დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან. თუმცა ეს დამოკიდებულია პუტინზე ზეწოლაზე, მის საზოგადოებაზე ზეწოლაზე, რომელიც, ჩემი აზრით, იზრდება, ასევე სანქციებზე - არა მათ გაუქმებაზე, არამედ ახალი სანქციების დაწესებაზე. ეს სწორი, დიპლომატიური გზაა", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.








