საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს 17 ოქტომბრის საპროტესტო აქციების დროს შესაძლო ძალადობის, მაღაზიების ძარცვისა და რადიკალური მემარცხენე ჯგუფების მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ.
ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას მინისტრმა უპასუხა კრიტიკას, რომელიც სადაზვერვო სამსახურების მუშაობის მისამართით გამოითქვა.
ნუნიესის თქმით, დაზვერვა თავიდანვე მიუთითებდა, რომ საპროტესტო მოძრაობას ამბოხში გადაზრდის პოტენციალი ჰქონდა და მასში რადიკალური მემარცხენე ჯგუფების მონაწილეობა იყო მოსალოდნელი.
მინისტრის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გამოვლენილი იყო რევოლუციური მოწოდებები. არსებობდა მაღაზიების ძარცვის საფრთხეც, როგორც აქტივისტების, ისე ახალგაზრდული დანაშაულებრივი ჯგუფების მხრიდან. სადაზვერვო სამსახურები ასევე აფრთხილებდნენ ხელისუფლებას შესაძლო პროვოკაციული ქმედებების შესახებ.
„სადაზვერვო სამსახურებმა ყველა ამ საფრთხის შესახებ წინასწარ გაგვაფრთხილეს და მათი შეფასებები გამართლდა“, – აღნიშნა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
როგორც ლორან ნუნიესმა აღნიშნა, სადაზვერვო დოკუმენტების ნაწილი გასაიდუმლოებულია, თუმცა დეპუტატებს მათში წარმოდგენილი ძირითადი შეფასებები გააცნო.









