თბილისის მერია სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების საკითხს დეტალურად შეისწავლის და მათ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაუწევს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალებით, აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლიან და დაზარალებულების საჭიროებებს გაეცნობიან:
„სადგურის მოედანზე, ე.წ. გადასასვლელ ხიდზე, სადაც ბევრი ადამიანი ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას, გაჩნდა ხანძარი, რამაც ბევრი ადამიანისთვის ძალიან დიდი პრობლემა შექმნა. დღეს ამ ადამიანების გარკვეული ჯგუფი მოსული იყო მერიაში და ითხოვდა დახმარებას. მქონდა პრემიერ-მინისტრთან საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძემ დამავალა, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საკითხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საკითხის მოკვლევის მიზნით, დაზარალებულებთან კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყება.
„ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე მზად არის, შეხვდეს საინიციატივო ჯგუფს, ამ ადამიანებს მოუსმინოს და დავიწყოთ დეტალური მოკვლევა. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დაგეხმარებით, გვერდით დაგიდგებით და პრობლემების პირისპირ არ დაგტოვებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.









