საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხმა მისცა "ციფრული მონაცემების მწარმოებლების" დაბეგვრას. როგორც ონლაინ-გამოცემა Le Figaro აზუსტებს, ეს გადასახადი, პირველ რიგში, შეეხება ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Netflix, Meta და Google.

ინიციატივის ავტორი ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის სოციალისტი დეპუტატი ლორან ლარდი იყო. ის ხმების მინიმალური უპირატესობით მიიღეს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ "მწარმოებლებმა" კერძო მომხმარებლებისთვის მიწოდებულ თითოეულ გიგაბაიტ მონაცემზე 5,5 ცენტი უნდა გადაიხადონ. ტრაფიკის მოცულობის შესახებ ინფორმაცია მთავრობას ისეთი ინტერნეტ-პროვაიდერებისგან გადაეცემა, როგორიცაა SFR, Bouygues Télécom, Free ან Orange, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

კანონპროექტის ავტორები ვარაუდობენ, რომ ის სახელმწიფო ხაზინას დამატებით 10 მილიარდ ევროს მოუტანს. კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელი Arcep აბონენტებისთვის მონაცემთა გადაცემის მოცულობას წელიწადში 200 მილიარდ გიგაბაიტად აფასებს, - აღნიშნავს Le Figaro. ამ მონაცემებით, საფრანგეთში მთელი ტრაფიკის 50% ხუთ კომპანიაზე მოდის: Netflix, Google, Meta, Amazon და Akamai. ამრიგად, ახალი გადასახადის ძირითადი ტვირთი ბაზრის მცირე რაოდენობის მონაწილეებს დააწვებათ, - მსჯელობენ ავტორები.

ამ ზომის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის ოპერატორებს ინოვაციების დანერგვისკენ უბიძგებს, რათა გადაცემული მონაცემების მოცულობა შემცირდეს. შედეგად, მონაცემთა დამუშავების ცენტრები ნაკლებ ენერგიას მოიხმარენ, რაც, თავის მხრივ, გარემოზე დადებითად აისახება.

მანამდე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ფინანსების, გენერალური ეკონომიკისა და საბიუჯეტო კონტროლის კომისიამ ეს შესწორება უარყო. კომისიის გენერალურმა მომხსენებელმა ფილიპ ჟიუვენმა ეს იმ რისკით დაასაბუთა, რომ მსხვილი კომპანიები ტვირთის ნაწილს კონტენტის უფრო მცირე, მათ შორის ფრანგულ მიმწოდებლებს დააკისრებდნენ.

როგორც Le Figaro აღნიშნავს, კანონპროექტზე კენჭისყრა ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა: მას მხოლოდ 30-მდე დეპუტატი ესწრებოდა. ამასთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაძლოა, ინიციატივის განმეორებითი განხილვა მოითხოვოს მეტი კანონმდებლის მონაწილეობით, - ირკვევა პუბლიკაციიდან. შემდგომში კანონპროექტი სენატმაც უნდა დაამტკიცოს.