საფრანგეთში, ბანიოლეში მდებარე „მერკურიალის“ ტყუპი კოშკიდან ექსტრემალი პარაშუტით გადმოხტა. 

შემთხვევა შაბათ დილას მოხდა. 30-სართულიანი, 114 მეტრის სიმაღლის შენობიდან გადმოხტომის შემდეგ მამაკაცი იქვე მდებარე პარკში დაეშვა, სადაც ის სამართალდამცველებმა სხვისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნის ბრალდებით დააკავეს.

ბობინის პროკურატურის ცნობით, დაკავებული „ბეის ჯამპერების“ წრეში ცნობილი პირია და ინტერნეტსივრცეში თავისი ვიდეოებით გამოირჩევა. სავარაუდოდ, ის მორიგი კადრების გადაღებას სოციალური ქსელებისთვის გეგმავდა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ვინაიდან მამაკაცმა საგამოძიებო უწყებაში გამოცხადების ოფიციალური გარანტიები წარადგინა, მას დღის განმავლობაში გაათავისუფლებენ, თუმცა საქმეზე გამოძიება გრძელდება.