პოლონეთში დიპლომატების გადადგომის სერია გრძელდება.
საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული სიტუაცია კიდევ ერთი პოლონელი ელჩის გადადგომის მიზეზი გახდა. კშიშტოფ შჩერსკიმ, რომელიც გაეროში ელჩის თანამდებობას იკავებდა, საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის თავისი დიპლომატიური მისიის ვადაზე ადრე შეწყვეტის თხოვნით მიმართა. „მინისტრმა სიკორსკიმ დააკმაყოფილა მოთხოვნა. ელჩი შჩერსკი თავის მისიას ამ თვეში დაასრულებს“, - ნათქვამია X პლატფორმაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მაჩეი ვიევიურის მიერ გავრცელებულ პოსტში.
კრშიშტოფ შჩერსკი 2021 წლიდან გაეროში პოლონეთის ელჩია. 2017 წლიდან 2021 წლამდე ის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კაბინეტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2021 წელს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიაში საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
შჩერსკი ასევე სოციალურ მეცნიერებათა პროფესორი და იაგელონის უნივერსიტეტის ლექტორია. მისი სპეციალიზაცია ევროპული პოლიტიკაა. ის იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის აპარატის უფროსის მოადგილე.
კშიშტოფ შჩერსკი მესამე პოლონელი ელჩი, რომელიც თანამდებობიდან საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებული სიტუაციის გამო გადადგა.
შაბათს, რუმინეთში პოლონეთის ელჩმა პაველ სოლოხმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს საკონსტიტუციო ტრიბუნალის „უკანონოდ ხელში ჩაგდების მცდელობის“ გამო. ერთი დღით ადრე, ანალოგიური განცხადება გააკეთა იაკუბ კუმოჩმა, რომელიც პოლონეთის ელჩის თანამდებობას იკავებდა ჩინეთში.
შექმნილ ვითარებას საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე პრემიერ-მინისტრი რადოსლავ სიკორსკი გამოეხმაურა. მან შეახსენა, რომ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებს სეიმი ნიშნავს და არა პრეზიდენტი.
„პრეზიდენტს ქვეყანაში გარკვეული პროტოკოლური როლი აქვს, მაგრამ ეს მას პოლონეთის მართვის უფლებას არ აძლევს. მას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ გასცეს ორდენები, მიანიჭოს პოლონეთის მოქალაქეობა ან შეიწყალოს პირი, მაგრამ არ შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ დანიშნოს მოსამართლეები და ელჩები“, - განაცხადა სიკორსკიმ სეიმში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მანვე წინა განცხადება შეასწორა:
„მეგონა, რომ ელჩებს თანამდებობიდან გადადგომისკენ პრეზიდენტის აპარატი მოუწოდებდა. აღმოჩნდა, რომ ამას პირადად პრეზიდენტი აკეთებდა. ეს არ არის პრეზიდენტის ფუნქცია — აიძულოს პოლონელი ელჩები გადადგნენ“, - თქვა ვიცე-პრემიერმა.
კითხვაზე, საიდან აქვს ეს ინფორმაცია, სიკორსკიმ უპასუხა: „ეს ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროში გვაქვს“.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




