საფრანგეთში, ზედიზედ მესამე შაბათს გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს 565 ადამიანი დააკავეს, - იტყობინება AFP ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. უწყების ხელმძღვანელის, ლორან ნუნიესის თქმით, დემონსტრაციებმა ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა მათში მონაწილე ულტრამემარცხენე დაჯგუფებების წარმომადგენლებმა სამართალდამცველების მიმართ "საშინელი ძალადობა" გამოიყენეს.
ხელისუფლების ცნობით, სხვადასხვა ქალაქში აქციებში 320 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 70 ათასმა — პარიზში. დემონსტრაციების ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ქუჩებში თითქმის 500 ათასი ადამიანი გამოვიდა. საპროტესტო აქციების მონაწილეები, სხვა საკითხებთან ერთად, უკმაყოფილებას გამოხატავენ ცხოვრების გაძვირებისა და განათლების სფეროში არსებული პრობლემების გამო.
მთელი საფრანგეთის მასშტაბით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 70 ათასი პოლიციელი იყო მობილიზებული. ხელისუფლების მონაცემებით, პარიზში რამდენიმე ასეულ მომიტინგესთან შეტაკების დროს ხუთი სამართალდამცველი დაშავდა, მათგან სამმა "მოლოტოვის კოქტეილებით" მიიღო დაზიანებები. დედაქალაქში პოლიციელებს ქვებსა და ტროტუარის ფილებსაც ესროდნენ, საპასუხოდ კი მათ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენეს.
ტულუზაში სამართალდამცველებმა არასანქცირებული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ასევე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანის მონაწილეობით არასანქცირებული მსვლელობა გაიმართა მარსელში, რის შემდეგაც ის სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციასთან შეტაკებები მოხდა ლიონშიც, არეულობის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.




