გერმანიის ისტორიაში დადგა დრო, რომ სახელმწიფოს მეთაური ქალი გახდეს, - ასეთი მოსაზრება თოქ-შოუ Bestbesetzung-ში გერმანიის ექს-კანცლერმა ანგელა მერკელმა გამოთქვა.

"არსებობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის 77-წლიანი ისტორია და ფედერალური პრეზიდენტის როლში ქალი არასდროს ყოფილა", - შეახსენა საზოგადოებას მერკელმა. მისი თქმით, ყველამ უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს, "ხომ არ დადგა ამის დრო".

როგორც ყოველკვირეული გამოცემა Der Spiegel წერს, ანგელა მერკელის თვალსაზრისით, გერმანიის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მემკვიდრე მხოლოდ ქალი შეიძლება გახდეს. "მე ვიცნობ ადამიანებს, ისინი უკვე დაიბადნენ, ისინი მდედრობითი სქესის არიან და ამის გაკეთება შეუძლიათ", - ციტირებს გამოცემა ექს-კანცლერს.

ფედერალურმა კრებამ გერმანიის ახალი ფედერალური პრეზიდენტის კანდიდატურაზე გადაწყვეტილება 2027 წლის 30 იანვარს უნდა მიიღოს. ფედერალური პრეზიდენტის არჩევა ფედერალური კრების ერთადერთი ფუნქციაა, - ხაზგასმულია ბუნდესტაგის ვებგვერდზე: "კრება, როგორც წესი, მხოლოდ ხუთ წელიწადში ერთხელ მოიწვევა. მასში შედიან ბუნდესტაგის ყველა დეპუტატი და ფედერალური მიწების სახალხო წარმომადგენლობების მიერ არჩეული დეპუტატების იგივე რაოდენობა. ფედერალური პრეზიდენტის არჩევნები ფარულად და კანდიდატის წინასწარი განხილვის გარეშე ტარდება".