რუსეთის მიერ უკრაინაზე გასული ღამით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. ამასთან, ავიაიერიშების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქ დნეპრის რაიონში დაღუპულ 16 ადამიანს შორის ორი მცირეწლოვანი ბიჭი იყო.
კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქზე თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 66 კი დაშავდა. დედაქალაქში ასევე დაზიანდა, სულ მცირე, ცხრა მაღალსართულიანი შენობა, საბავშვო ბაღი, კლინიკა, ოფისები და ადმინისტრაციული შენობები.
ამასთან, ხარკოვში თავდასხმების შედეგად დაშავებულ 14 ადამიანს შორის ერთი მცირეწლოვანია.
ცნობისთვის, ღამით რუსეთმა კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქზე მასირებული იერიში მიიტანა. ეს ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა იყო. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 656 სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და 73 რაკეტა გაუშვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მიმართულებით განხორციელებული დარტყმები „ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხი“ იყო.











