უკრაინამ 31 მაისის ღამეს რუსეთის სარატოვის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსულ Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციით, საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.
აფეთქებების ხმა ქალაქში დაახლოებით ღამის სამ საათზე გაისმა. სოციალურ ქსელებში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფოტოები და ვიდეოები გაავრცელეს, რომლებზეც ქარხნის ტერიტორიაზე ხანძრის რამდენიმე კერა ჩანს.
ადგილობრივ ხელისუფლებას თავდასხმის შედეგებზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. სარატოვის ოლქის გუბერნატორმა რომან ბუსარგინმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ რეგიონში უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხე არსებობდა.
სარატოვის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ნავთობკომპანია როსნეფტის მფლობელობაშია და ვოლგისპირეთის ერთ-ერთი უძველესი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოა, რომელიც რუსეთის სამხედრო ძალებს საწვავით ამარაგებს.
ასევე, ვრცელდება ცნობები როსტოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ მატვეევ-კურგანში მდებარე ნავთობბაზის დაზიანების შესახებ.








