ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრ ლუკაშენკომ სომხეთის მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნების წინ მოუწოდა, "ძალიან ფრთხილად იყვნენ, რადგან, ღმერთმა დაიფაროს, არ განმეორდეს ის, რაც უკრაინაში მოხდა".

"უკრაინაში ყველაფერი ზუსტად ასე დაიწყო", - თქვა მან და გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოსაზრება.

პუტინის განცხადებით, უკრაინის კრიზისი ევროკავშირთან დაახლოების მცდელობებით დაიწყო, რასაც, მისი თქმით, დღეს სომხეთიც ცდილობს.

ლუკაშენკომ სომხეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ევროკავშირთან დაახლოების საკითხი "ძალიან სერიოზულად" განიხილონ, თუ ეს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობების ხარჯზე მოხდება.

"მხოლოდ ერთისკენ მოვუწოდებ - კარგად დაფიქრდნენ. ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და ჩვენ მას პატივს ვცემთ",  - განაცხადა ლუკაშენკომ.