რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია სასულიერო პირებს და მორწმუნეებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა დღეისთვის დაგეგმილ, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, რუმინეთის სახელმწიფოს სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებსა და ქუჩის მსვლელობებში.

ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ  2024 წლის 8 დეკემბერს ისინი წავლენ სამრევლოებში და მორწმუნეებს მოუწოდებენ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოსა და რუმინეთის სხვა ინსტიტუტების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში  და ქუჩის მსვლელობებში მონაწილეობისკენ.

მივმართავთ ბუქარესტის მთავარეპისკოპოსის სამრევლოებსა და მონასტრებს, ასევე სხვა ეპარქიების სამრევლოებსა და მონასტრებს, რათა მღვდლებმა, ბერებმა და მორწმუნეებმა არ მიიღონ მონაწილეობა მსგავს ღონისძიებებში. ასეთი ქმედება არამხოლოდ კანონს ეწინააღმდეგება. „ჩვენ ვიღვწვით მშვიდობისა და ერთიანობისთვის და არა განხეთქილებისთვის".

ასეთი წაქეზებას შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს როგორც სამღვდელოებისთვის, ისე მორწმუნეებისთვის. 

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ „ეკლესია ხელშემწყობია ლოცვის და სულიერი სიმშვიდის საზოგადოების საკეთილდღეოდ", - აცხადებს რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პროევროპული ორიენტაციის  პოლიტიკოსი, პრემიერ-მინისტრი იონ-მარჩელ ჩოლაკუ  მოულოდნელად მესამე ადგილზე გავიდა და საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. გამარჯვება დამოუკიდებელმა კანდიდატმა, პრორუს პოლიტიკოსად მიჩნეულმა, კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის მომხრე ქელინ ჯორჯესკუმ მოიპოვა, მეორე ადგილზე კი „რუმინეთის ხსნის კავშირის" თავმჯდომარე ელენა-ვალერიკა ლასკონი გავიდა. 

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 14 კანდიდატიდან ორმა პირველი ტურის შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს, სასამართლომ კი ვერდიქტის გამოტანამდე ცესკოს რუმინეთის მასშტაბით მიცემული ხმების გადამოწმება და ხელმეორედ გადათვლა დაავალა.  

ხმების გადამოწმების და გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ განსხვავება უმნიშვნელო იყო. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო და არჩევნების მეორე ტური თავდაპირველად დანიშნულ დღეს, გამარჯვებულ ორ კანდიდატს შორის უნდა გამართულიყო. 

პირველ ტურში გამარჯვებული ქელინ ჯორჯესკუს მოწინააღმდეგეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსგან საკითხის ირგვლივ კიდევ ერთხელ მსჯელობა მოითხოვეს. მათი მტკიცებით, დემოკრატიული მექანიზმების მიღმა მიმალული რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და საკონსტიტუციო სასამართლოს ვალი იყო სიიდან რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატის, პირველ ტურში გამარჯვებული ქელინ ჯორჯესკუს ამორიცხვა. ჯორჯესკუს სიიდან ამოღებას არცთუ ფარულად უჭერდნენ მხარს აგრეთვე აშშ და ევროკავშირის ხელმძღვანელობა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა „სერიოზული უარყოფითი შედეგების" შესახებ, თუ რუმინეთი ზურგს შეაქცევს დასავლეთს.

პარასკევს, არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე ორი დღით ადრე და იმ დროს, როდესაც საზღვარგარეთის უბნებში უკვე მიმდინარეობდა მეორე ტურის ხმის მიცემის პროცედურა, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა პირველი ტურის შედეგები და არჩევნების ხელახლა ჩატარების შესახებ გამოიტანა გადაწყვეტილება.  არჩევნებს და მის ვადებს განსაზღვრავს რუმინეთის ხელისუფლება, რომელიც 1 დეკემბერს იქნა არჩეული. ახალი არჩევნების ჩატარებამდე პრეზიდენტის პოსტზე დარჩა კლაუს იოჰანისი. ის სასამართლოსთვის მიმართვის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. იგი აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს საჩქარო წესით დაუკავშირდა და შეუერთდა სხვათა მიმართვებს მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახურებისგან ტელეფონით მიიღო სიგნალი, რომ არჩევნების პროცესში რაღაც ძალიან უცნარი იყო. უფრო კონკრეტულად კი კანდიდატმა სარგებელი მიიღო შაბათს და კვირას ტიკ-ტოკში ჩატარებული პროპაგანდით და ამ კანდიდატის მხარდამჭერი იყო უცხო ქვეყანა.  

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უარყოფითად შეხვდნენ არა მხოლოდ პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატები, არამედ რიგი პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები და ამომრჩეველთა ნაწილი. იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ცესკოს თავმჯდომარის გადადგომა მოითხოვეს იმის გამო, რომ გამოჩნდა ფოტო, რომელზედაც იგი ქელინ ჯორჯესკუს ახლობელთან ერთად იყო აღბეჭდილი. ამ მოტივით შედგენილ პეტიციას 24 საათში 50 ათასმა ამომრჩეველმა მოაწერა ხელი. ცესკოს თავმჯდომარის თქმით კი, ის არ თვლიდა სამი წლის წინ ღორის დაკვლის ნიშნად გამართულ წვეულებაში მონაწილეობას ისეთი მნიშვნელობის მოვლენად, რომლის გამოც უნდა გადამდგარიყო. 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერმა პოლიტიკოსებმა 1 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს, მაგრამ ცესკომ მათი მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოდ მიიჩნია.  

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდა შეერთებული შტატები სახელმწიფო დეპარტამენტი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადეკ სიკორსკი და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი. რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილების შემდეგ მას ტელეფონით ესაუბრა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პირველი ტურის გამარჯვებულის, ქელინ ჯორჯესკუს თქმით, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უღალატეს დემოკრატიას.

მთელი მსოფლიო გახდა მოწმე იმ ბარბაროსული აქტის რაც ოლიგარქიულმა სახელმწიფო ჩაიდინა. ჩემს უკან რუმინელი ხალხია. ჩემი კამპანიის ბიუჯეტი იყო ნული და თუ ხალხმა ეს <რეკლამა ტიკ-ტოკში> გააკეთა, მათი ნება იყო. არაფრის მეშინია, ქვეყნიდან არ მივდივარ. მე რუმინელ ხალხთან მაქვს შეთანხმება. ჩვენ სიმართლისთვის ვიბრძვით, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს. გავაგრძელებ ბრძოლას, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს. ღმერთის დამარცხება შეუძლებელია, მოთმინება გვმართებს, კატეგორიულად ვერაფერს ვიტყვი, რწმენით მივდივართ წინ, - ამბობდა ჯორჯესკუ პრესასთან საუბარში.

გუშინ, კელინ ჯორჯესკუ ამბობდა, რომ ხმის მიცემა - დამსახურებული უფლებაა და ის კვირას საარჩევნო უბანზე გამოცხადებოდა. mediafax-ის ცნობით, ქელინ ჯორჯესკუ, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დათხოვნილია, საარჩევნო უბანზე მივიდა.  

„ღეს კონსტიტუციის დღეა, მე მხოლოდ ყვავილებითა და ლოცვებით მოვედი, რადგან სამწუხაროა იმის შეგრძნება, რომ რუმინელების ღირებულებები, დემოკრატიისა და ხმის მიცემის უფლება გაუქმდა. დღეს კონსტიტუციის დღეა და უკვე აღარაფერია კონსტიტუციური. ეს მხოლოდ სიმბოლოა. არა, არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, ეს წუთიერი დუმილია" - განაცხადა სარჩევნო უბანზე მისულმა ქელინ ჯორჯესკუმ.

თავდაპირველად გამოქვეყნებული მასალა შეივსო 11:54 საათზე.