თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია.
ფესტივალი 1-დან 7 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება და გაიხსნება კინოთეატრ "ამირანში" ფილმით "დუზე" (DUSE).
წელს კინოფესტივალის ეკრანები დაეთმობა ორმოცამდე უცხოურ და ოცდაათამდე ახალ ქართულ ფილმს. ფილმები გადანაწილებულია ტრადიციულ სექციებში:
ევროპული ფორუმი;
დამზადებულია გერმანიაში;
ფრანგული კოლექცია;
ახალი იტალიური კინო;
რეჟისორი ფოკუსში;
ქართული პანორამა.
თბილისის 26-ე საერთაშორისო კინოფესტივალის "რეჟისორი ფოკუსში" შვეიცარიელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ნიკოლა ვადიმოვია. მას თბილისის კინოფესტივალის "საპატიო პრომეთე" გადაეცემა.
რაც შეეხება ქართულ პანორამას, ჟიური წლის საუკეთესო ქართულ ფილმს ოთხ კატეგორიაში გამოავლენს:
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი;
მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი;
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
ქართული მხატვრული და დოკუმენტური ფილმების შესაფასებლად ფესტივალზე იმუშავებს ორი ჟიური.
კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 6 დეკემბერს, კინოთეატრ "ამირანში" გაიმართება.
ევროკავშირის ეგიდით გაიცემა პრიზი "ადამიანის უფლებების საუკეთესო ასახვისთვის ქართულ კინოში", როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კატეგორიებში.
ორგანიზატორთა განცხადებით, წლევანდელი ფესტივალი შედარებით მცირე მასშტაბის იქნება, რაც "გამოწვეულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დაფინანსების გაუქმებით".
"მიუხედავად არაერთი წერილისა, არც კულტურის სამინისტრომ, არც ეროვნულმა კინოცენტრმა და არც თბილისის მერიამ არ გაგვცა ოფიციალური პასუხი, არ მოგვაწოდა კომისიის დასკვნა, რომელშიც დასაბუთებული იქნებოდა მხარდაჭერის გაუქმების მიზეზები. ჩვენი ვარაუდით, ფესტივალის არ დაფინანსების მიზეზი პოლიტიკურია.
თბილისის კინოფესტივალი ქვეყნის მთავრობისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რადგან ის ჩამოყალიბდა ძლიერ, დამოუკიდებელ ღონისძიებად, რომელიც ყოველთვის მოქმედებდა ადამიანის უფლებების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების, შემოქმედი ადამიანის თავისუფლების, დემოკრატიული მრავალფეროვნების, კულტურის პროდუქტებზე ხელმისაწვდომობისა და ცენზურის დაუშვებლობის პრინციპებით.
როგორც ჩანს, მთავრობას აშინებს ამ კულტურული პლატფორმის პროტესტანტული სული და მის განადგურებას ცდილობს. კულტურის სამინისტროს და ეროვნულ კინოცენტრს შევახსენებთ, რომ საერთაშორისო კინოფესტივალების მხარდაჭერა მათი ვალდებულებაა, რომელიც კანონსა და დებულებებშია გაწერილი, ასევე, თბილისის მერიის ვალდებულებაა, დააფინანსოს ეტაბლირებული კულტურული ღონისძიება, რომელიც ათასობით მაყურებელს იზიდავს და თბილისის კულტურული ცხოვრების განუყოფელ შემადგენელ ნაწილად იქცა", – ვკითხულობთ თბილისის კინოფესტივალის გვერდზე.
იხილეთ პროგრამა:








