კვირას, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, თუმცა ჯერ კიდევ საბოლოოდ არაა გარკვეული, გაიმართება თუ არა და რომელი ორი კანდიდატი იბრძოლებს პ[რეზიდენტობისთვის

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ქელინ ჯორჯესკუ, მეორე კი „რუმინეთის ხსნის კავშირის" თავმჯდომარე,  ელენა-ვალერიკა ლასკონი იყო.

მოქმედი პრემიერ-მინისტრი იონ-მარჩელ ჩოლაკუ, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა და საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილე 14 კანდიდატიდან ორმა, სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ორი გამარჯვებულის ვინაობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება, რამდენიმე დღით გადაიდო.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნით, ცესკომ პირველ ტურში რუმინეთის მასშტაბით მიცემული ხმები გადათვალა, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კვირას 8 დეკემბერს, არჩევნების მეორე ტური პირველ ტურში გამარჯვებულ ორ კანდიდატს შორის შედგებოდა.

რუმინული პრესის ინფორმაციით, პოლიტიკურ მეცნიერებათა და სახელმწიფო მმართველობის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, ტოტალიტარიზმის შესწავლის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი და რიგი სხვა პირები საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებით უკმაყოფილოები დარჩნენ და საკითხის ირგვლივ კიდევ ერთხელ მსჯელობა და საჭიროების შემთხვევაში, პირველი ტურის ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.

მათი მტკიცებით, დემოკრატიული მექანიზმების მიღმა მიმალული რუსეთის ფედერაციის ჩარევის შედეგად რუმინეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს უზარმაზარი პასუხისმგებლობა ეკისრება. მან უნდა ამორიცხოს კანდიდატების სიიდან რუსეთის მხარდაჭერილი კანდიდატი, პირველ ტურში გამარჯვებული ქელინ ჯორჯესკუ. 

აღსანიშნავია, რომ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ქელინ ჯორჯესკუს გამარჯვებას უარყოფითი შეფასება მოჰყვა ევროკავშირის ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში.  

გუშინ, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა „სერიოზული უარყოფითი შედეგების" შესახებ, თუ რუმინეთი ზურგს შეაქცევს დასავლეთს.  

„რუმინეთის მიერ ძნელად მიღწეული პროგრესი, რომელიც გამყარებულია მისი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ყოფნით, არ შეიძლება შეცვალონ რუმინეთის საგარეო პოლიტიკის დასავლური ალიანსებიდან ჩამოშორების მსურველმა უცხოელებმა" - თქვა გუშინ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა,  დღეს კი, მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე მყოფმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისაუბრა პირველ ტურზე და რუმინეთის ხელისუფლების სწრაფვაზე,  გამოავლინოს, საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთის დიდი და კარგად დაფინანსებული ძალისხმევა.

ეუთო, რომლის შეფასებებიც თავისუფალი და სამართლიანი კონკურენციის შეფასების მნიშვნელოვანი სტანდარტია, წელს, აშშ-ში ჩატარებული ბოლო არჩევნების ჩათვლით, ათზე მეტ არჩევნებს დააკვირდა.  ეუთომ დაადასტურა, რომ მოლდოვაში, მიუხედავად რუსეთის ჩარევისა, არჩევნების მეორე ტური კარგად ორგანიზებული იყო და ახლა რუმინეთის ხელისუფლება ადგენს რუსეთის მცდელობას - ფართომასშტაბიანს და კარგად დაფინანსებულს - მოახდინოს გავლენა. ეს წინააღმდეგობაშია ეუთოს სტანდარტებთან, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

რუმინული მედიის ცნობით, ბლინკენმა ასევე ახსენა ბოლო არჩევნები საქართველოში, სადაც ეუთოს დამკვირვებლებმა „ნათელი მოჰფინეს ამომრჩეველთა დაშინების შემაშფოთებელ ცნობებს და მმართველი პარტიის მიერ სათამაშო ველის თავის სასარგებლოდ გადაქცევის მცდელობებს"