1 წელი და 6 თვე - საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა ნიკა მელიას საქმის იმ ეპიზოდზე, რომელიც სასამართლოს უპატივცემლობას, კონკრეტულად კი მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება.
30 მაისს გამართულ პროცესზე, რომელზეც კოალიცია "ცვლილების" ლიდერს საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 8 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, მელიამ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს, მოსამართლე ზვიად შვანგირაძეს წყალი შეასხა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საქმის პროკურორის თქმით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული, ნიკანორ მელია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში - სასამართლოს მიმართ მიმართ გამოხატული უპატივცემლობის ფაქტზე. სასჯელის სახით განუსაზღვრა 1 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. სასამართლომ როცა განაჩენი, მათ შორის სასჯელი გამოაცხადა, ჩამოაყალიბა თუ რატომ განსაზღვრა აღნიშნული სასჯელი. წინა სხვა განაჩენების დროს, მის მიმართ გამოყენებული იყო ჯარიმა, რაც გადახდილი არ ჰქონდა და როგორც სასამართლომ განმარტა, ეს გახდა იმის საფუძველი, რომ განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა პროკურორმა ვახტანგ ხარებაშვილმა.








