რუმინეთში დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიცემული ხმების დათვლის პროცედურა.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 14 კანდიდატი მონაწილეობდა. ხმების 100%-ის დათვლის შედეგად ცნობილია გახდა, რომ პირველ ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ქელინ ჯორჯესკუ. მან ამომრჩეველთა ხმების 22,94% მიიღო.

ქელინ ჯორჯესკუ ცნობილია როგორც პრორუსი პოლიტიკოსი და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფანი. გამოირჩევა ნატოს კრიტიკით და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგია, რადგან არ სურს, რომ „რუმინეთი აღმოჩნდეს ჩათრეული კონფლიქტში, რომელთანაც მას საერთო არაფერი აქვს".

ქელინ ჯორჯესკუ ადრე „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის" წევრი იყო, თუმცა არჩევნებში კენჭი იყარა როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა და არჩევნების წინა დღეებში „ტიკ-ტოკში" წარმოებული კამპანიის დროს, რომელიც ვირუსულად გავრცელდა, აქცენტს აკეთებდა არა რუმინეთის და მოლდოვის გაერთიანებაზე, არამედ კიევისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის აუცილებლობაზე.

ქელინ ჯორჯესკუ ცნობილია აგრეთვე როგორც ცნობილი ანტისემიტის, კორნელიუ კოდრიანუს და ფაშისტი მარშლის, იონ ანტონესკუს დამცველი.

მეორე ადგილზე ყოფილი ჟურნალისტი, „რუმინეთის ხსნის კავშირის" თავმჯდომარე, პატარა ქალაქ კიმპულუნგის მერი ელენა-ვალერიკა ლასკონი გავიდა. მან ხმების 19,18% მიიღო და 0,03%-ით (2742 ხმა) აჯობა მესამე ადგილზე გასულ რუმინეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული (რომლის თავმჯდომარეც თავადაა) და რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტიის კანდიდატს, იონ-მარჩელ ჩოლაკუს, რომელსაც ყველა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა.

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მოულოდნელად და სენსაციურადაც კი შეფასდა არამხოლოდ რუმინეთში. უცხოური პრესა ერთხმად აღნიშნავს, რომ იონ-მარჩელ ჩოლაკუ პროევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსი იყო, გამარჯვებული ქელინ ჯორჯესკუ კი პრორუსული პოლიტიკოსია. ელენა ლასკონისთან დაკავშირებით შეფასებები არაა მკვეთრი. აღნიშნავენ, რომ იგი მემარჯვენე-ცენტრისტია და სამხედრო ხარჯების გაზრდის და უკრაინის დახმარების მომხრეა. არჩევნების დასრულების შემდეგ მან თავისი პოზიცია მოკლედ ჩამოაყალიბა სიტყვებით: „დიახ, ევროპას! დიახ, ნატოს".

„ქელინ ჯორჯესკუ - ვლადიმირ პუტინის ღია თაყვანისმცემელი და ნატოს და ევროკავშირის მოწინააღმდეგეა" - განაცხადა დღეს ელენა ლასკონიმ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულის მისამართით.

„2024 წლის 24 ნოემბრის საღამოს დაიწყო რუსეთის შეჭრა რუმინეთში" - ასე შეაფასა ქელინ ჯორჯესკუს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება ცნობილმა ჟურნალისტმა და პოლიტიკურმა კომენტატორმა კრისტიან ტუდორ პოპესკუმ. მისი ამ სიტყვების ციტირებას ახდენენ რუმინული, ფრანგული და გერმანული გამოცემები.

იონ-მარჩელ ჩოლაკუმ დამარცხება აღიარა და პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. კითხვას, ვინ უხელმძღვანელებს პარტიას, მან უპასუხა: კოლეგა", ხოლო კითხვას, ვინაა დამნაშავე წარუმატებლობაში, ასევე მოკლე პასუხი გასცა: „მე".

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩოლაკუს ვერგადასვლის გამო რუმინეთის ნაციონალ-ლიბერალური პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაე ჩუკა აგრეთვე გადადგა.