უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მზად არის მომავალი კვირის დასაწყისში შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს,  ვოლოდიმირ ზელენსკის, თუ მხარეები უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ. ამის შესახებ მან სამშაბათს, ბერლინში, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მადიარის თქმით, უნგრეთსა და უკრაინას შორის ამ ეტაპზე ტექნიკურ დონეზე კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უკრაინაში მცხოვრები უნგრელი უმცირესობის ენობრივი, კულტურული და საგანმანათლებლო უფლებების საკითხებზე.

"ამჟამად ეს მოლაპარაკებები ძალიან იმედის მომცემად მიმდინარეობს. ვიმედოვნებთ, რომ ტექნიკურ დონეზე მათი დასრულება უკვე ამ კვირაში მოხერხდება", - აღნიშნა მან.

უნგრეთის პრემიერის განცხადებით, თუ ძირითადი უფლებების საკითხზე შეთანხმება იქნება მიღწეული, ის მზად არის მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს.

"უმცირესობებისთვის საკუთარი მშობლიური ენის გამოყენება საბავშვო ბაღში, სკოლაში, ადმინისტრაციულ ორგანოებში ან საკუთარი კულტურული უფლებების დაცვა დამატებითი პრივილეგია კი არა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება სურს, ეს უფლებები უნდა დაიცვას", - განაცხადა მადიარმა.

მისი თქმით, ის ოპტიმისტურად არის განწყობილი იმ ხანგრძლივი დავის მოგვარების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რომელიც უნგრეთსა და უკრაინას შორის უკვე ათ წელზე მეტია არსებობს.

"ჩვენ მზად ვართ, უნგრულ-უკრაინულ ურთიერთობებში ახალი გვერდი გადავფურცლოთ", - დასძინა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.