ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ "ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას".  ამის შესახებ მან თბილისში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა სიგნალია საქართველოსთვის ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს 8 ნოემბრის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ დასკვნაში საქართველოზე ერთი სიტყვაც კი არ წერია და ეს იმ ფონზე, როცა რამდენიმე კვირით ადრე იყო ცნობილი, რომ საბჭო, მათ შორის საქართველოზე იმსჯელებდა. 

საპასუხოდ პავილიონისმა განაცხადა:

"ეს არის ზუსტად ის შედეგი, რაც "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველო იყო წამყვანი ქვეყანა ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ამჟამად კი არავის დრო არ გააჩნია ამ თემების განხილვისთვის. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ევროკავშირში გსურთ შესვლა, ჩემი ქვეყანა გახლავთ საუკეთესო მაგალითი იმ ქვეყნებისა, რომელსაც შეგიძლიათ შეხედოთ.

ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი, ერთი შეცდომაც საკმარისია პროცესის შესაწყვეტად. "ქართული ოცნება" როდესაც ამბობს, რომ მათ შეუძლიათ მიერთების გარანტიის გაცემა, ისინი იტყუებიან", – განაცხადა მან.

ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდნენ.