მიმდინარე წელს გაგრძელდა ფიჭვნარის სამაროვნის შესწავლა, რომელიც 60 წელზე მეტია საქართველოს თუ უცხოეთის სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუციის ყურადღების ცენტრშია და ამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში იქ არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარეობს.

ძვ. წ. IV საუკუნის კოლხურ სამაროვანზე საველე კვლევა-ძიება წარმოებული იქნა იმ უბანზე, რომელიც 2023–2024 წლებში უკვე იყო გახსნილი და რომელიც სამხრეთის მიმართულებით გაფართოვდა.

ამ ძეგლისადმი ინტერესი დიდია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი შედარება ფიჭვნარის სხვა ანტიკური ხანის სამაროვნებთან (ძვ. წ. V ს კოლხური, ძვ. წ. V–IV სს ბერძნული და ელინისტური სამაროვნები). სამაროვნის ტოპოგრაფია ცხადყოფს, რომ იგი ჩრდილოეთის მხრიდან წარმოადგენს ფიჭვნარის ძვ. წ. V ს კოლხური სამაროვნის ქრონოლოგიურ და ტერიტორიულ გაგრძელებას. მისი საზღვრების დადგენა მნიშვნელოვანი ამოცანაა როგორც დასავლეთით — ძვ. წ. IV ს ბერძნული ნეკროპოლის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთით — მდ. ჩოლოქისაკენ.

გამოვლენილ არტეფაქტთა ძირითადი ნაწილი უსახურ ფორმებს წარმოადგენდა. ფხვიერი სილნარის ფენის მოხსნის შემდეგ გამოვლინდა გრუნტი, რაც მიუთითებს ელინისტური სამაროვნის საზღვარზე. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა NO 3 სექტორის ჩრდილოეთის მიმართულებით, კვადრატებში 90 და 100 გამოვლინდა ორმოსამარხი და კუბოსამარხი;

სამარხი №85. დამხრობილია ჩრდილოეთისკენ. სამარხის შუა ნაწილში აღმოჩნდა ნაცრისფერკეციანი დოქი, შავლაკიანი კილიკი და სამარილე. ინვენტარიდან დადასტურდა ერთი ლურსმანი.

სამარხი №86. დამხრობილია ჩრდილო-დასავლეთისკენ. ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 სმ სიღრმეზე გამოვლინდა კუბოს ორი წყვილი ლურსმანი. სამარხის თავთან, 25 სმ სიღრმეზე, აღმოჩნდა შავფიგურიანი სამარილე. ფეხებთან — შავლაკიანი ლეკითოსი, ხელების არეში — ორი ლეკითოსი და რკინის სამაჯური, რომელიც ძლიერ კოროზირებული იყო და ფრაგმენტულად იქნა ამოღებული. ფეხებთან ასევე გამოვლინდა შავფიგურიანი მცირე ფიალა.(ექსპედიციის ხელმძღვანელი -არქეოლოგი ემზარ კახიძე)

კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ელინისტური სამაროვანი. არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლინდა ინდივიდუალური ინჰუმაციური ორმოსამარხები. მიცვალებული დაკრძალულია  წრიული თუ წაგრძელებული მოყვანილობის  მკვრივ გრუნტში. როგორც ჩანს ადილობრივი ადათ-წესების შესაბამისად  მიცვალებულთა ნაწილი მოხრილ მდგომარეობაშია დაკრძალული, ნაწილი კი ელინთა მსგავსად -  გაშოტილი. როგორც წესი, ნივთების ძირითადი ნაწილი თავის არეშია ჩალაგებული. აღსანიშნავია, რომ  ამჯერად საკმაოდ მწირია საიმქვეყნო ინვენტარი, არ გვხდება იმპორტული კერამიკა. წამყვანია ადგილობრივი ჭურჭელი - დოქები, ქოთანი. თავის არეში  ჩნდება სამკაულები და მონეტებიც. გამოვლენილი სარიტუალო მოედნების  (აღაპების) სიმრავლე გვაფიქრებინებს, რომ ფართოდ ჩანს გავრცელებული ანტიკური სამყაროსა და თვით ფიჭვნარელი ელინებისათვის  დამახასიათებელი აღაპის წესი.  სააღაპო მოედნებზე შეგროვებულ იმპორტულ კერამიკას შორის ყურადღებას იქცევს სათევზე ლანგრები ე.წ. იხთიები. 

მნიშვნელოვანია, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობის საქმიანობის -   თევზჭერის შესახებ  მრავალფეროვან მასალას გვაწვდის როგორც ნაქალაქარის კულტურული ფენები ასევე  ფიჭვნარის ელინისტური ხანის სამაროვანზე მოპოვებული კომპლექსები.(ექსპედიციის ხელმძღვანელი- არქეოლოგი თამარ შალიკაძე)

ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს