ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების საინფორმაციო სააგენტო ANP ავრცელებს.

საინფორმაციო სააგენტო ANP-ის ცნობით, პოლიციამ ამსტერდამის ცენტრში დღეს შუადღისას რამდენიმე ათეული მომიტინგე დააკავა. ეს მოხდა მუზეუმების მოედანზე და მის შემოგარენში ანტიიმიგრაციული საპროტესტო აქციის დასრულებისთანავე.

დემონსტრაციის შემდეგ, მომიტინგეებმა ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყვეს, სკანდირებდნენ ლოზუნგებს, აწყობდნენ დიდ ფოიერვერკებს და ანადგურებდნენ ყველაფერს, რაც თვალწინ ედგათ.

ანტიიმიგრაციულ საპროტესტო აქციაში დაახლოებით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დღესვე გაიმართა კონტრდემონსტრაცია.

საპროტესტო აქციის დაწყებამდე მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროტესტის ორგანიზატორმა , მარტინ კუპსმა, განაცხადა, რომ მემარჯვენეებსაც აქვთ ხმის უფლება და მას სურდა შინაარსობრივად მემარჯვენე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი განცხადების გაკეთება.

ამსტერდამის მუნიციპალიტეტმა რისკის ზონად მუზეუმი და მისი მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, შემდეგ კი ეს ზონა გააფართოვა და მის ფარგლებში ცენტრალურ სადგური, წითელი ფარნების რაიონი, ახალ ბაზარი, დამბის რაიონი და რემბრანდტის მოედანი შეიყვანა.

პოლიციას ამ ზონაში პრევენციული ჩხრეკის ჩატარების უფლება მიეცა, ხოლო მიტინგის მონაწილეებს ნიღბების ტარება აეკრძალათ. დემონსტრაციის ორგანიზატორების მიმართ ასევე წაყენებული იყო დამატებითი მოთხოვნები. მაგალითად, დემონსტრანტებს ეკრძალებოდათ დაგეგმილი მსვლელობის მარშრუტიდან გადახვევა და ისეთი ნივთების ტარება, რომელთა გამოყენებითაც შესაძლებელია საზოგადოებრივი წესრიგი დარღვევა. გარდა ამისა, ორგანიზატორებს უნდა ჰყოლოდათ წესრიგის დაცვის საკუთარი ჯგუფი.

დემონსტრაციის დაწყებამდე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, ძირითადად ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც აქციამდე ასევე აქციის მსვლელობისას და აქციის შემდეგ დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.