ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.

შტორმი Dana Alice და მის შედეგად მეზობლის სახლის დატბორვა რომ არა, კიდევ დიდხანს ვერავინ შეიტყობდა ესპანელი ანტონიოს, სავარაუდოდ, 15 წლის წინ გარდაცვალების ამბავს და კვლავ ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდებოდა ბანკში მის ანგარიშზე პენსიის ჩარიცხვა და შემდეგ ანგარიშიდან ქირის და კომუნალური გადასახადების ჩამოჭრა.

არც ანტონიოს მეზობლებმა და არც მისმა გაუცხოებულმა ნათესავებმა მისი გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდნენ გასულ შაბათ-კვირამდე, ამან, სანამ ქარიშხალმა Dana Alice-მ და ძლიერმა წვიმებმა მის ბინის ქვემოთ მცხოვრებლებმა წყალშემკრებ მილთან დაკავშირებული პრობლემა არ შეამჩნიეს და სახანძრო-სამაშველო სამსახურს არ გამოუძახეს.

ალბასეტეს პროვინციის ფუენსანტანას მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე მრავალსართულიანი სახლის მცხოვრებთა ყურადღება წყლის შემკრები მილის გაჭედვის შედეგად ანტონიოს ქვედა მეზობლების ბინებში ჩამავალი წყლის შავი ფერის და მძაფრი სუნის გამო მიიპყრო. გამოძახების შემდეგ ადგილზე მისულმა მაშველებმა დაახლოებით 100 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაში ანტონიოს მუმიფიცირებული ცხედარი აღმოაჩინეს. ცხედარი მკვდარი მტრედებით და მწერებით იყო გარშემორტყმული, ბინა კი ფრინველების სკლინტით იყო სავსე.

ცხედარს ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია, თუმცა, ადგილობრივი პოლიციის ცნობით,, მასზე ძალადობის არანაირი კვალი არ აღინიშნება და დიდი ალბათობით, ანტონიო ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა 15 წლის წინ.

შემთხვევამ მეზობლების გაკვირვება გამოიწვია, მათ ეგონათ, რომ 1939 წელს დაბადებული ანტონიო ხანდაზმულთა სახლში იყო გადაყვანილი. მათი თქმით, ანტონიო ცოლს 30 წლის წინ გაშორდა, ორ შვილთან კონტაქტი არ ჰქონდა და მარტო ცხოვრობდა.

ის არავის აწუხებდა. ესალმებოდა მეზობლებს და შემდეგ თავის საქმით იყო დაკავებული: მაღაზიაში და სახლთან ახლოს მყოფ ბარში დადიოდა, - განაცხადეს მეზობლებმა.

პოლიციის განმარტებით, ჩამსხვრეულმა ფანჯრებმა და ბინაში ჰაერის ცირკულაციამ მეზობლების მიერ უცნაური სუნის შეგრძნობას შეუშალა ხელი.

ბინის მესაკუთრე საზოგადოებამ განაცხადა, რომ ანტონიოს დავალიანება დაახლოებით11 000 ევროს შეადგენს და სასამართლოს მისი ანგარიშის დაყადაღება სთხოვა. ამასთან საზოგადოებამ აღნიშნა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში შეუფერხებლად იღებდა ანტონიოზე დარიცხული ბინის ქირის და კომუნალური გადასახადების თანხას. ეს კი შესაძლებელი იმის გამო იყო, რომ სოციალური უზრუნველყოფის სამსახური, რომელმაც არაფერი იცოდა პენსიონერის გარდაცვალების შესახებ, აკურატულად რიცხავდა ანტონიოს კუთვნილ პენსიას ბანკში მის ანგარიშზე, ანგარიშიდან კი, ავტომატურ რეჟიმში (სავარაუდოდ, ანტონიოს და საზოგადოებას შორის წლების წინ დადებული უვადო ხელშეკრულების საფუძველზე - „აიპრესი“) ხდებოდა ბინის ქირის და კომუნალური გადასახადების ჩამოჭრა.