საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო 2025 წლის მეცნიერების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში, რომელსაც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.

უკვე ტრადიციად იქცა საქართველოში მასშტაბური სამეცნიერო ფესტივალის ორგანიზება. წლიდან წლამდე იზრდება სამეცნიერო აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობა, მზარდია ფესტივალის ცნობადობაც. ამას მოწმობს ის, რომ მასში, საქართველოში აკრედიტებულ უნივერსიტეტებთან ერთად, სულ უფრო მეტი უცხოური უნივერსიტეტი მონაწილეობს.

სამეცნიერო საქმიანობის განვითარება და მისი პოპულარიზაცია არის ის კონკრეტული პრიორიტეტი, რაც ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკური მდგრადობისთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ამას ემსახურება ფესტივალი და შესაბამისად აქტიურად გავაგრძელებთ და მომავალშიც მხარს დავუჭერთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას,” - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერძო-საჯარო პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული ერთობლივი სამეცნიერო პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს რეგიონისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მეცნიერების როლის გაძლიერებას.

ფესტივალის საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყო კვლევითი მიღწევების დემონსტრირება, სადაც უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა, სტუდენტებმა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინოვაციური გამოგონებები წარმოადგინეს.

ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, უნივერსიტეტების რექტორები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მეცნიერების ფესტივალი 2025 ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და დაფინანსებით ჩატარდა.