ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერ დავით ქაცარავას შეხვდა. ამის შესახებ პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩემთვის დიდი პატივია ქართველ გმირსა და "ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერთან, დავით ქაცარავასთან შეხვედრა. ის 2022 წელს რუსი დამპყრობლებისგან უკრაინაში ჰოსტომელის აეროპორტს იცავდა. 2024 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამო „ქართული კოშმარის“ სპეცრაზმმა სასტიკად სცემა“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი X-ზე.
მისივე თქმით, სულ უფრო მეტი ექსპერტი ამბობს, რომ შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილი და "ქართული კოშმარი" ბელარუსის 2020 წლის სცენარისთვის ემზადება - არჩევნების მოპარვა, მოწინააღმდეგეების ციხეში ჩასმა, ორგანიზაციების დახურვა, რომლებიც მის მმართველობას აკრიტიკებენ.
"დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად "ქართული კოშმარისა" და მათი ინსტრუქტორების ძალისხმევისა მოსკოვში, ქართველები გაიმარჯვებენ და დაიბრუნებენ თავისუფლებას და ევროატლანტიკურ მიმართულებას და ყველა ლიტველი ყოველთვის მხარს დაუჭერს მათ ამ გზაზე", - წერს ის.