უკრაინის ომი შინაურ ცხოველებზეც მოქმედებს. ჟურნალ Evolutionary Applications-ში და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მიერ გაშუქებული კვლევის თანახმად, კონფლიქტმა ფუნდამენტურად შეცვალა ფრონტის ხაზზე უპატრონოდ დარჩენილი და გადარჩენილი ძაღლები, - წერს ფრანგული 20minutes-ი.

ეს პროცესი „ბუნებრივი გადარჩევის“ უკიდურესად სწრაფ ფორმას წააგავს. „ომი ძლიერი ფილტრის როლს ასრულებს და ხელს უწყობს ექსტრემალურ პირობებში გადარჩენის ხელშემწყობი თვისებების გაძლიერებას“, - ასკვნის კვლევის ავტორი გდანსკის უნივერსიტეტის დოქტორანტი მალგოჟატა ვიტეკი.

მკვლევრებმა გააანალიზეს ქვეყნის ცხრა რეგიონიდან 763 ძაღლის მონაცემები და აღნიშნეს, რომ ფრონტის ხაზზე მყოფი უპატრონო ძაღლები დაემსგავსნენ მგლებს და კოიოტებს.

ომის გამო მიტოვებულმა ძაღლებმა წონაში დაიკლეს, დაპატარავდნენ და ხშირად აქვთ წაწვეტებული ყურები, სწორი კუდი და ნაკლებად თეთრი ბეწვი. მათი ქცევა უფრო აგრესიული გახდა და მათში კვლავ აღდგა ნადირობის ინსტინქტები. ფრონტის ხაზზე იშვიათია ასაკოვანი, ავადმყოფი, დაჭრილი და მარტოსული ძაღლი. თუმცა, გამოკვლეული ცხოველებიდან ყოველ მერვეს აღენიშნებოდა ხილული დაზიანება ან დაავადება.

მკვლევრების თქმით, ცვლილებები იმით არის განპირობებული, რომ საომარი პირობები გარკვეული მახასიათებლების მქონე ძაღლებს ანიჭებს უპირატესობას. „საარტილერიო ჭურვებით და მართვადი ბომბებით განმეორებითი დარტყმებით დაზიანებულ ლანდშაფტში, მახვილი გრძნობები და გამძლეობა გარეგნობაზე უფრო მნიშვნელოვანი გახდა“. ველური გარეგნობის მიუხედავად, ეს ცხოველები საკვებისთვის კვლავ ადამიანებზე არიან დამოკიდებულნი. ზოგჯერ ისინი ჯარისკაცების გვამებით იკვებებიან.