რუსეთის ქმედებები ევროკავშირში, მათ შორის პოლონეთის რკინიგზაზე დივერსია, ტერორიზმად უნდა იქნეს კლასიფიცირებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა ბრიუსელში, Bloomberg-ის ღონისძიებაზე განაცხადა.
ევროკავშირში მომხდარი დივერსიული აქტები, რომელთა ორგანიზებაშიც რუსეთია ეჭვმიტანილი, კალასმა "უკიდურესად, სერიოზულად" შეაფასა.
მან გაიმეორა NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს, განცხადება, რომ რუსეთის მიერ ჩადენილ ჰიბრიდულ ინციდენტებს "სახელმწიფო ტერორიზმი" უნდა ეწოდოს.
"ახლა ისინი ცდილობენ ჩვენს საზოგადოებებში შიშის დათესვას, რათა თავი შევიკავოთ უკრაინისთვის დახმარების გაწევისგან", - განაცხადა კალასმა.
მან დასძინა, რომ რუსეთს სურს, რომ ევროკავშირმა შეწყვიტოს კიევის დახმარება, რადგან "ჩვენი უსაფრთხოება ახლა საფრთხის ქვეშაა": "რუსეთი ნამდვილად ცდილობს გამოცადოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა მან.








