ისრაელმა თავისი ჯარები მაღალ მზადყოფნაში მოიყვანა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ირანის ან ლიბანური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ ისრაელის ტერიტორიაზე შესაძლო დარტყმის მოლოდინის ფონზე. ამის შესახებ Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ისრაელმა შენიშნა, რომ ირანი და "ჰეზბოლა" თავდასხმებს ამზადებენ, მაგრამ განხორციელდება თუ არა დარტყმა, ჯერჯერობით უცნობია. ისრაელის არმიის წარმომადგენლის დანიელ ჰაგარის განცხადებით, ავიაციამ გააძლიერა პატრულირება ლიბანთან საზღვარზე, თუმცა მოსახლეობისთვის ახალი მითითებები ჯერჯერობით არ გაუციათ. მანამდე ისრაელის საჰაერო ძალების მეთაურმა სამხედრო პერსონალისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შეჩერების ბრძანება გასცა.

ამასთან, ლიბანური მედია იუწყება, რომ "ჰეზბოლამ" სამხრეთ ბეირუთში თავისი ოფისების ევაკუაცია დაიწყო. იხურება ორგანიზაციის პოლიტიკური შტაბიც. წყაროების ვარაუდით, ეს შესაძლოა ისრაელის საპასუხო თავდასხმის მოლოდინს უკავშირდება.

შეერთებულმა შტატებმა რეგიონში წყალქვეშა ნავი გაგზავნა და მეორე ავიამზიდის ჩასვლას აჩქარებს, წერს The Wall Street Journal.

ამავდროულად, Fox News წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელზე თავდასხმა შეიძლება უახლოესი 24 საათის განმავლობაში განხორციელდეს.