აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პოეტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად, პატივი მიაგო ზურაბ გორგილაძის ხსოვნას და მონაწილეობა მიიღო პოეტის დაბადებიდან 89 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში. 

ზურაბ პატარაძემ, სიტყვით გამოსვლისას, ისაუბრა ზურაბ გორგილაძის, როგორც ქართული პოეზიის განსაკუთრებული წარმომადგენელის, აჭარის რეგიონის მეხოტბის და გამორჩეული საზოგადო მოღვაწის როლზე, მის შემოქმედებით მემკვიდრეობასა და მნიშვნელობაზე.

,,დღეს დიდმა ზურაბ გორგილაძემ კვლავ შეგვკრიბა საზოგადოება, მისი მეგობრები, თაყვანისმცემლები; კიდევ ერთხელ გავიხსენეთ მისი პოეზია და ღვაწლი. ზურაბ გორგილაძე იყო უბრალო და ღირსეული ადამიანი, რომელმაც ჩვენი კუთხე მთელ ქვეყანას გააცნო. გავიხსენეთ, როგორ აღვნიშნეთ მისი 80 წლის იუბილე 2017 წელს და დღეიდან ვიწყებთ მუშაობას, რათა მომავალ წელს აღვნიშნოთ მისი 90 წლის იუბილე. დარწმუნებული ვარ, რომ მის პოეზიაზე არაერთი თაობა გაიზრდება და ყველა ერთად, დიდი სულისკვეთებით გავაგრძელებთ იმ საქმეს, რომელსაც საფუძველი ზურაბ გორგილაძემ ჩაუყარა“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ზურაბ გორგილაძე 20-ზე მეტი პოეტური კრებულის ავტორია, მისი ლექსები შესულია ყველა ქართულენოვან ანთოლოგიაში. იგი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს ორი მოწვევის დეპუტატი, მემედ აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი,  მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო და პრემია.