საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 30 აპრილს პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის, დღეს კი აპრილში ინფლაციის დონის შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები.

სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის თანახმად, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა (ინდექსაცია) ხდება ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის კი ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ინფლაციის და მშპ-ს მაჩვენებლების შესახებ გამოქვეყნებული მონაცემებიდან და არსებული ტენდენციიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტისთვის ბიუჯეტის პროექტის წარდგენის მომენტისთვის 12 თვის (სექტემბერი 2025 წელი - აგვისტოს 2026 წელი) საშუალო ინფლაცია იქნება 4,2-4,8%-ის ფარგლებში, ხოლო ბოლო ექვსი კვარტალის (2024 წლის 4 კვარტალი და 2025 წლის პირველი 2 კვარტალი) მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალოს 80% კი 6,0%-დან 6,3%-მდე ინტერვალში.

შესაბამისად, პენსიის მოცულობის მოსალოდნელი ზრდა 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის არის 20 ლარი (კანონით გათვალისწინებული ზრდის მინიმალური ოდენობა), 70 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერებისთვის კი 55 ლარი.