იტალიის ქალაქ ლივორნოს მერმა განაცხადა, რომ შინაური ცხოველების პატრონები, რომლებიც შარდით დაბინძურებულ საზოგადოებრივ ადგილებს არ მორეცხავენ, დაჯარიმდებიან.
მუნიციპალური ხელისუფლების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საგრძნობლად მოიმატა შინაური ცხოველების შარდის უსიამოვნო სუნით შეწუხებული მოქალაქეების მხრიდან საჩივრებმა.
ძაღლების პატრონებს ევალებათ თან ჰქონდეთ წყლით სავსე ბოთლები და სპეციალური შესასხურებლები ტროტუარების, სკამების და გაჩერებული მანქანებისა და სკუტერების საბურავების გასაწმენდადაც კი.
წესების დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმები 25-დან 500 ევრომდე მერყეობს. სახლის კართან და ფანჯარასთან, მაღაზიების და ოფისების შესასვლელებთან მოშარდვისას პატრონი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
განცხადებაში, რომელშიც ეს ზომაა აღწერილი, ნათქვამია: „საზოგადოებრივი სივრცეები საჯარო საკუთრებაა, რომელიც უნდა იყოს დაცული წესრიგის, ჰიგიენისა და კომფორტული ურბანული ცხოვრების უზრუნველსაყოფად“.
ზომა გავრცელდება ნებისმიერ პირზე, ვინც ძაღლს ასეირნებს, იქნება ეს პატრონი თუ ცხოველის მომვლელი, და ძალაში იქნება 20 მაისიდან 31 ოქტომბრამდე, რაც ყველაზე კრიტიკულ პერიოდად ითვლება ტემპერატურის მატებისა და ნალექების შემცირების გამო.
ძაღლის ექსკრემენტებთან დაკავშირებით მსგავსი რეგულაციები ლივორნოში უკვე მოქმედებს და ძაღლების პატრონებს მოეთხოვებათ საწმენდი მოწყობილობის ტარება. სამართალდამცველებმა შეიძლება ჩაატარონ ძაღლების პატრონების შემთხვევითი შემოწმება, რათა დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ ამ ამოცანისთვის საჭირო აღჭურვილობა.




