„ევროპულ სკოლაში” მომხდარ ინციდენტზე, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა, მარიამ კუკუნაშვილმა გააჟღერა და სადაც საუბარი იყო მოზარდის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე 11 სხვა არასრულწლოვნის მხრიდან, „აიპრესი” განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. კითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რა რეაგირება მოყვა ამ ფაქტს განათლების სამინისტროს მხრიდან.

ექსკლუზიურად გთავაზობთ, განათლების სამინისტროს პასუხს:

„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, ერთ-ერთი მშობლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო ევროპულ სკოლაში ავტორიზაციის არაგეგმიური მონიტორინგის პროცესი. 

ავტორიზაციის მონიტორინგის ფარგლებში გადამოწმდება სკოლის შესაბამისობა ავტორიზაციის სტანდარტებთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება მოსწავლეთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მექანიზმებზე”, - განგვიცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს სუროგაციის ცენტრის „ნიუ ლაიფის" ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროპულ სკოლაში „11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში, გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა".

„ევროპულ სკოლაში მოხდა შემზარავი დანაშაული ჩემი შვილების მონაწილეობით.

11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში, გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა.

დარტყმების შედეგად ბავშვი ვერ ინარჩუნებდა წონასწორობას, კანკალებდა, სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები, თვალები დაუსივდა და ტიროდა, მაგრამ დარტყმები გრძელდებოდა. 11-მა ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ ეს არის თამაში და ამ დერეფანში თავადაც გაუვლიათ…

ვტირი, ვგლოვობ და ვიზიარებ მშობლების მწუხარებას ამ ენით აღუწერელი სადომაზოხიზმის, მოძალადე პატარა კაცობის, პერვერტობის, გაუნათლებლობის და მძიმე ტრავმად მიყენებული სამუდამო დაღისთვის…

ბოდიში და მადლობა ევროპულ სკოლას იმისათვის, რომ უფრო მძიმე უბედურებისგან გვიხსნეს. ასე ხომ არავინ იცის რა მოხდებოდა", - დაწერა სუროგაციის ცენტრის „ნიუ ლაიფის" ხელმძღვანელმა მარიამ კუკუნაშვილმა.

„ევროპული სკოლა“ სუროგაციის ცენტრ "ნიუ ლაიფის" ხელმძღვანელ მარიამ კუკუნაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა: 

„ევროპული სკოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მკაცრად არის დაცული ურთიერთპატივისცემის პრინციპები და არ არსებობს არანაირი სახის ძალადობის, ჩაგვრისა თუ არაეთიკური ქცევისადმი ტოლერანტობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას და დავაზუსტოთ, რომ რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას.

სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები. დაუყოვნებლივ გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ამასთან, პროცესში აქტიურად არის ჩართული ფსიქოლოგიური სამსახური.
ევროპული სკოლა იცავს თითოეული არასრულწლოვნის უფლებებსა და პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დამატებითი დეტალების საჯაროდ განხილვისგან თავს ვიკავებთ.

ჩვენ ვრჩებით მუდმივ კომუნიკაციაში მშობლებთან, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სკოლა მუდმივად იყოს ყველაზე უსაფრთხო, დაცული და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ჩვენი მოსწავლეებისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.