ფინეთის აღმოსავლეთ საზღვარი რუსეთთან დახურული დარჩება, რადგან ქვეყნის საზღვრების უსაფრთხოება პირველ ადგილზეა. ამის შესახებ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ინტერვიუში განაცხადა.
ფინეთის მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთის სხვადასხვა სასაზღვრო რაიონებში, ათასობით მესამე ქვეყნის მოქალაქე ელოდება ფინეთში არალეგალურად შესვლას.
ასეთ ვითარებაში, ორპოს თქმით, რუსეთთან საზღვარზე საგუშაგოების გახსნაზე საუბარი არ შეიძლება.
"აშკარაა, რომ საზღვრებს ვერ გავხსნით. ამავდროულად, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები ნებისმიერი უკანონო შესვლის წინააღმდეგ," - განაცხადა მან. "იოლი გადაწყვეტილებები არ იქნება. მაგრამ მთავარი პრინციპია, რომ ჩვენ ვიზრუნებთ ფინეთის საზღვრების უსაფრთხოებაზე, ეროვნულ უსაფრთხოებაზე. ეს პირველ ადგილზეა."
მთავრობის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ საზღვარი 11 თებერვლამდე ჩაკეტილი იქნება.
ფინეთ-რუსეთის საზღვარი პირველად 2023 წლის ნოემბერში დაიხურა.
იანვარში რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკვეთა ფინეთისა და რუსეთის საზღვარი და შემდგომში თავშესაფარი ფინეთს სთხოვეს.
თავშესაფრის მაძიებელთაგან არცერთ მიგრანტს არ მიუღია დადებითი პასუხი.