ჩვენ არ უნდა ვებრძოდეთ ადამიანებს, ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, - განაცხადა „რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები პირველ რიგში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მიგრანტებზე უარის თქმა წარმოუდგენელია.

„დღეს რომ მშენებლობაში დასაქმებული არ იყოს უცხოელი ადამიანი, მშენებლობა საქართველოში ვერ იფუნქცინირებს. არც რაოდენობა არის აქ საკმარისი და არც ხელობა. როდესაც ქვეყნის განვითარება ხდება, ჩვეულებრივი მოვლენა უნდა იყოს, არ შეიძლება მიგრანტების გარეშე ქვეყანა განვითარდეს.

ჩვენ მხოლოდ იაფ მუშახელს კი არ ვეძებთ, ჩვენ დასაქმების სურვილიც გვაინტერესებს. დღეს 13,1 %-ია დაუსაქმებელი ადამიანების რაოდენობა და ამ დროს ბიზნესი იხვეწება, რომ მუშახელი სჭირდება.

როდესაც ვსაუბრობთ მიგრაციასთან დაკავშირებით, ქვეყნებს თუ ვადარებთ, ან ერთი მიმართულებით უნდა მივყვეთ ამ ქვეყანას, ან საერთოდ სხვა ქვეყანას უნდა მივყვეთ. ამერიკა მიგრანტებმა აამუშავეს, დღეს დუბაიში 86% მიგრანტია, საქართველოს რეალობაში, რასაც ხელისუფლება აკეთებს, გარკვეულწილად სწორი გადადგმული ნაბიჯია იმ კუთხით, რომ სისტემა უნდა შეიქმნას. მაგრამ დღეს როდესაც ჩვენ ვებრძვით კურიერებს ან ტაქსის მძღოლებს, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ უნდა იყოს შესწავლილი სისტემა, სად გვაკლია მუშახელი და სად არის ზედმეტობა.