ფინეთი 2025 წლიდან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა კაი მიკიანენმა ისაუბრა.
"არ მინდა რაიმე კონკრეტული თარიღის დაპირება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს ისეთ ვითარებაში აღმოვჩნდებით, როცა აკრძალვა ძალაში შევა". - თქვა მიკიანენმა.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, ეს შეიძლება გაკეთდეს ევროკავშირის გაზის ბაზრის ეფექტიანი რეფორმის მეშვეობით, რაზედაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპარლამენტი დეკემბრის დასაწყისში შეთანხმდნენ.
რეფორმა საშუალებას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსაფრთხოების მიზნით აიკრძალონ რუსული და ბელარუსული მილსადენის გაზისა და LNG-ის იმპორტი. თუმცა, აკრძალვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ შეზღუდული ვადით და ევროკომისიასთან კონსულტაციის შემდეგ. შესაბამისი რეგულაცია სავარაუდოდ გაზაფხულზე ამოქმედდება, რის შემდეგაც ფინეთის მთავრობას შეეძლება წინადადება იმპორტის აკრძალვის შესახებ წარადგინოს.
მიკაინენის თქმით, უფრო მარტივი გამოსავალი იქნება ევროკავშირის მიერ შესაბამისი სანქციების მიღება, მაგრამ ზოგიერთი წევრი ქვეყანა "ამისთვის მზად არ არის", ფაქტობრივად, "ევროკავშირში ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი".
ფინურმა სახელმწიფო კომპანია Gasum-მა რუსეთიდან LNG-ის იმპორტი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააგრძელა. კომპანიამ ეს იმით ახსნა, რომ მას აქვს ვალდებულებები გაზპრომთან გრძელვადიანი კონტრაქტით.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან გაზპრომისგან მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზის მინიმალური რაოდენობა შეისყიდეს. კომპანიას არ გაუსაჯაროებია ხელშეკრულების ხანგრძლივობა და არც მინიმალური შესყიდვების ოდენობა.
როგორც Helsingin Sanomat-ი წერს, გასულ წელს რუსეთმა თითქმის 16 მილიონი ტონა LNG მიაწოდა ევროპას. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება მკვეთრად შემცირდა, LNG-ის მიწოდება გაიზარდა. რუსული LNG-ის უმსხვილესი მყიდველები არიან ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია და ნიდერლანდები.