ჩვენმა გუნდმა ისტორია დაწერა და ევროზე გავიდა. ამ ეტაპზე ესეც საკმარისია. - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ევროპის ჩემპიონატში საქართველოს საფეხბურთო გუნდის 18 ივნისისთვის დაგეგმილ მატჩს ეხმიანება.
"ჩვენმა გუნდმა ისტორია დაწერა და ევროზე გავიდა. ამ ეტაპზე ესეც საკმარისია.
ასეთ რთულ ჯგუფში ერთი თამაშის მოგება იქნება გმირობა. ეს შეიძლება საუკეთესო მესამე ადგილიც კი აღმოჩნდეს ბურთების უკეთესი სხვაობის შემთხვევაში.
ერთი ფრე არ იქნება ცუდი შედეგი.
სენსაციებიც ხდება ხოლმე, მაგალითად, ასეთი იყო ისლანდია. სენსაციები იშვიათი მოვლენაა და შესაძლოა უახლოესი ათწლეულების ლიმიტი უკვე ამოწურა ისლანდიის შემთხვევამ. კარგი იქნება, თუ ასე არაა. სხვათაშორის, ისლანდია მაშინ შესარჩევი ჯგუფიდან გავიდა და არა ერთა ლიგიდან, ამიტომ შემდგომი მისი წარმატება კი იყო ძალიან მოულოდნელი, მაგრამ არც თუ ისე უსაფუძვლო.
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე დარტყმაა. ნახევარდაცვაში მისი შეცვლა დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია. ვუყუროთ მშვიდად და მივიღოთ სიამოვნება. იმისთვისაც მადლობა, სადაც ვართ. წარმატებები ჩვენს გუნდს", - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთის და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. საქართველოსთვის ტურნირი 18 ივნისს თურქეთთან მატჩით დაიწყება. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 22 ივნისს ჩეხეთის, ბოლოს კი 26 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს.