მარიხუანას, ხშირად როგორც "უსაფრთხო" პროდუქტს მიიჩნევენ, რომელიც თითქოს არც პრობლემებს ქმნის და არც დამოკიდებულებას იწვევს. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარია - მის მიღმა ხშირად იმალება სერიოზული ფსიქოლოგიური და ფიზიკური საფრთხეები.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სპეციალისტების აზრის მოსმენა. რამდენად იწვევს მარიხუანა დამოკიდებულებას, რა ზეგავლენას ახდენს ის ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე? ამ და კიდევ სხვა თემებთან დაკავშირებით, რომელიც მარიხუანას მოხმარებას უკავშირდება, ნარკოლოგი, თათა ასათიანი საუბრობს. 

- იწვევს თუ არა მარიხუანა დამოკიდებულებას? გაგვიგია, რომ მარიხუანას მომხმარებლები თავს მასზე დამოკიდებულად არ აღიქვამენ. 

"მარიხუანა არის ფსიქოაქტიური ნივთიერება. მოგეხსენებათ, ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ცვლიან ადამიანის ფსიქიკურ ფუნქციებს - აღქმას, აზროვნებას, მეხსიერებას და ემოციებს გარკვეულ დონემდე. იგი მიეკუთვნება ფსიქოდელიური ნივთიერებების ჯგუფს და იწვევს დამოკიდებულებას. ძირითადად, დამოკიდებულებას მაინც ფსიქოლოგიური ხასიათი აქვს, თუმცა ბოლო კვლევებით, ბოლო გამოცდილებით, უკვე დადგინდა და ეჭვს აღარ იწვევს ის ფაქტიც, რომ მასზე არა მარტო ფსიქოლოგიური, არამედ ფიზიოლოგიური ანუ, ფიზიკური დამოკიდებულებაც კი ყალიბდება." 

- რასთან არის დაკავშირებული დამოკიდებულების ჩამოყალიბება? 

"ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დამოკიდებულების განვითარება ძირითადად დამოკიდებულია მის სიძლიერესთან, ანუ იმასთან, თუ რა რაოდენობით THC-ს შეიცავს ეს პროდუქტი. THC არის მარიხუანას ძირითადი alkaloidi, მოქმედი ნივთიერება, რომელიც იწვევს ეიფორიისა და დამოკიდებულების განვითარებას. ბოლო პერიოდში გავრცელებულ მარიხუანას ჰიბრიდულ ჯიშებში ხელოვნურად არის გაზრდილი THC-ის რაოდენობა, რაც განაპირობებს დამოკიდებულებისა და გართულებების უფრო სწრაფად განვითარებას. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მარიხუანას მოხმარების სიხშირეს, დროის პერიოდს და ადამიანის ინდივიდუალურ თავისებურებებს. როდესაც გარკვეული ძლიერი ჯიშების ინტენსიურ მოხმარებას აქვს ადგილი, ამ შემთხვევაში, ადამიანს გარდა ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა, უვითარდება ფიზიკური დამოკიდებულება, ანუ ამ ნივთიერების შეწყვეტის შედეგად, გარდა ფსიქიკური პრობლემებისა, მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატული ფიზიკური კომპონენტებიც კი." 

- გამოცდილებიდან გამომდინარე გკითხავთ, ძირითად შემთხვევაში, რა ვითარებაში იღებენ ადამიანები მარიხუანას მოხმარების გადაწყვეტილებას და რა უბიძგებთ ამ ნაბიჯისკენ? 

"მარიხუანას დამოკიდებულება გარკვეულწილად ეტაპობრივად ვითარდება. პირველ რიგში, როგორც წესი, რადგან მცენარეულია, ადამიანებისთვის უფრო ადვილად ხდება მოხმარების გადაწყვეტილების მიღება. ხაზი მინდა გავუსვა, რომ მცენარეული არ ნიშნავს უვნებელს, არის უამრავი მცენარე, რომელიც იმდენად ძლიერად ტოქსინია, რომ სასიკვდილო შედეგითაც კი მთავრდება პირველი მოხმარების შემთხვევაშიც კი. ამიტომ, განსაკუთრებით, მოზარდობის პერიოდში, ადვილად გადადგამენ ამ ნაბიჯს. როგორც წესი, თავიდან ყალიბდება ჯგუფური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, ანუ ადამიანს მარიხუანას მოხმარების მოთხოვნილება უჩნდება გარკვეულ სამეგობრო წრეში, ამას აქვს სიტუაციური ხასიათი. ამ ჯგუფის გარეთ, მას ჯერჯერობით, მარიხუანას მოხმარების სურვილი არ აქვს. პროგრესის შედეგად, უკვე ადამიანს უყალიბდება ინდივიდუალური ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, როცა ჯგუფის გარეშეც ადამიანს „კომფორტის“ მისაღწევად სჭირდება მარიხუანას მოხმარება. ამ ეტაპზე, ადამიანს გარკვეული ფსიქიკური პრობლემებიც უყალიბდება და ეს არის შფოთვა, მომატებული აგრესია, ძილის პრობლემები, ქცევის კონტროლის დარღვევა და ა.შ. ბოლო ეტაპი ეს არის ფიზიკური დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი მოიხმარს ე.წ. ძლიერ მარიხუანას, სადაც THC-ის შემცველობა საკმაოდ მაღალია, დიდი პერიოდის განმავლობაში, მარიხუანას შეწყვეტის შემთხვევაში, უკვე ვითარდება ფიზიკური დამოკიდებულება და შეწყვეტის შემთხვევაში აღკვეთის სიმპტომატიკა. 

- რატომღაც საქართველოში არის ასეთი აზრი, რომ მარიხუანა არ ითვლება ძლიერ ნარკოტიკად. თქვენ რას გვეტყვით ამაზე? 

"ბოლო პერიოდში, გარკვეულწილად გაიზარდა საზოგადოების ინფორმირებულობა მარიხუანასთან დაკავშირებით, თუმცა არა ბოლომდე. ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მარიხუანას ნარკოტიკად არ მიიჩნევენ და ძალიან ამარტივებენ თავიანთ პრობლემას. ხშირად ოჯახის წევრებიც კი თვლიან, რომ მარიხუანა არ არის პრობლემა. მარიხუანა ქმნის არა ერთ ფსიქიკურ და შემდგომ უკვე ფიზიკურ პრობლემებს." 

- თქვენ აღნიშნეთ, რომ მარიხუანას მოხმარებისას უფრო მეტად არის გამოხატული ფსიქიკური პრობლემები, თუმცა აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატული ფიზიკური კომპონენტებიც. უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა იგულისხმება ფსიქიკურ პრობლემებში? 

ფსიქიკურ პრობლემებში ყველაზე მნიშვნელოვანია შფოთვის მომატება, აგრესიის მომატება, ქცევის კონტროლი დარღვევა, ინტელექტუალურ-მნესტიკური ფუნქციების პროგრესული დარღვევა. აქ იგულისხმება ყურადღების გაფანტულობა, მეხსიერების დეფიციტი, რასაც აქვს პროგრესული ხასიათი, ადამიანი ხდება აბსოლუტურად არაპროდუქტიული, არ აქვს არანაირი ინტერესი, მოტივაცია, გარდა იმისა, რომ მოიპოვოს მარიხუანა და მოიხმაროს. მას მცირე მატონიზირებელი ეფექტი აქვს, რაც მცირე დროის შემდგომ იკარგება და კვლავ უჩნდება განმეორებითი მოხმარების სურვილი.

ასევე, ფსიქოზური აშლილობები, რომელიც ვითარდება როგორც მარიხუანას მოხმარების პერიოდში, ასევე მისი შეწყვეტის შემთხვევაშიც კი. ვითარდება მარიხუანული ფსიქოზები, რომელსაც შიზოფრენიის მაგვარ ფსიქოზებსაც უწოდებენ და კლინიკურად ხშირ შემთხვევაში, პრაქტიკულად გარჩევა არ ხდება ისეთი ფსიქიკური დაავადებისგან, როგორიც არის შიზოფრენია."

- რატომ არ აღიქვამენ მარიხუანას სერიოზულად? 

"მარიხუანას არ აღიქვამენ სერიოზულად იმიტომ, რომ ის არ არის სასიკვდილო ნივთიერება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ კანაბინოიდური რეცეპტორები, ანუ ის რეცეპტორები, რომლის სამიზნეს წარმოადგენს მარიხუანა, არ არის თავის ტვინის ღეროში, იქ სადაც არის მოთავსებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მარეგულირებელი ცენტრები. აქედან გამომდინარე, არ იწვევს მარიხუანა სიცოცხლესთან შეუთავსებელ გართულებებს. თუმცა, იწვევს ადამიანის ფსიქიკური ფუნქციების მოშლას, ფსიქოზურ მდგომარეობებს და ამასაც რომ თავი დავანებოთ, თანდათანობით პროგრესულად იწვევს ადამიანის დეგრადაციას და საბოლოო ჯამში ადამიანს უვითარდება ე.წ. მარიხუანული ჭკუასუსტობა." 

- როგორც გვითხარით, იკვეთება ფიზიკური კომპონენტებიც. ამაზეც რომ მოგვიყვეთ, რა ნიშნები იკვეთება ფიზიკური გართულებების დროს? 

"რაც შეეხება ფიზიკურ გართულებებს, ესეც ვითარდება. აქ არის ძირითადად, მისი ტოქსიური ეფექტით გამოწვეული ცვლილებები. პირველ რიგში, ვითარდება იმუნიტეტის დაქვეითება და ამას სხვადასხვა გართულებები მოჰყვება, ჰორმონალური დისბალანსი, რომელიც გამოხატულია როგორც ქალბატონებში, ისე მამაკაცებში, განსაკუთრებით მოზარდებში. მამაკაცებში ხშირია პოტენციის დარღვევა, ქალბატონებში ლიბიდოს დაქვეითება, ციკლის დარღვევა და ა.შ. ასევე, იწვევს სხვადასხვა ტოქსიკურ გართულებებს ადამიანის ორგანიზმში. არის კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ ორსულობის პერიოდში მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში კანაბინოიდები გადალახავენ პლაცენტარულ ბარიერს და ნაყოფის განვითარებაზე მოქმედებს და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა ადამიანი იწყებს მარიხუანას მოხმარებას და ხშირ შემთხვევაში ასე ხდება მოზარდობის პერიოდში, როდესაც ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემა და ფსიქიკა ჩამოყალიბების პროცესშია, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არის უამრავი კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ მოზარდობის პერიოდში დაწყებული მარიხუანას მოხმარება ზრდის დამოკიდებულების განვითარების რისკს და მომავალში ფსიქოზური აშლილობის განვითარების რისკსაც კი." 

- როგორ იქცევა ოჯახი, რომ მოზარდი ამ პრობლემისგან დაიცვას? რჩევები თუ არსებობს და რა როლი აქვთ მშობლებს?  

"საერთოდ, დამოკიდებულების წინააღმდეგ მუშაობა და ზრუნვა ამ თემასთან დაკავშირებით არ უნდა დაიწყოს მოზარდობის პერიოდიდან, ეს უნდა დაიწყოს ბავშვის დაბადებიდან. პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ჯანსაღი ურთიერთობები და კონსტრუქციული გარემოა ოჯახში, რამდენად სწორ პირად მაგალითებს აძლევენ ბავშვს ოჯახის წევრები. დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვს თავიდანვე ვასწავლოთ, რომ მას ჰქონდეს თავიდანვე პატარ-პატარა პასუხისმგებლობები, მინიმალურ პრობლემებთან გამკლავების უნარი, სტრესთან გამკლავების უნარი, ანუ მას უნდა ჩამოუყალიბდეს ემოციური ინტელექტი და აუცილებლად, მშობლებს უნდა ჰქონდეთ ემოციური ბმა შვილებთან. ეს ყველაფერი და ცხოვრების ჯანსაღი წესის წინ წამოწევა პატარა ასაკის ბავშვებთან, აუცილებლად მოზარდობის პერიოდში გამოგვადგება."- განაცხადა ნარკოლოგმა "რუსთავი 2"-თან. 

ავტორი : ქეთი მაისაშვილი