შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ბრალდებით 2 პირი - 2004 წელს დაბადებული გ.ჯ. და წარსულში ნასამართლევი, 1995 წელს დაბადებული შ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ.-ს  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და ძალის გამოყენებით პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი გასტაცეს.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჯ. და შ.ჩ. ცხელ კვალზე ბრალდებულების სახით დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. - ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.