მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, თბილისის აეროპორტში 22 მარტს, დაახლოებით 11:00 საათზე დაეშვება. შემდეგ კი ბართლომეოსი თანმხლებ პირებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში მივა, სადაც ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წესის აგების ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. დელეგაციასთან ერთად, ბართლომეოსის თბილისში ჩამოსვლის გადაწყვეტილება, ოფიციალურად დასტურდება მსოფლიო საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სადაც ნათქვამია, რომ "მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი გაემგზავრება თბილისში, ილია მეორის დაკრძალვის მსახურებაზე, რათა პირადად გამოხატოს სამძიმარი მორწმუნე ერის მიმართ". ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქს უკვე ელოდებიან თბილისში.
ილია მეორის დაკრძალვას კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. უკვე დადასტურებულია, რომ ვატიკანიდან საქართველოში ჩამოვა ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი. კარდინალი საქართველოში აქამდე ორჯერ, 2014 და 2016 წლებში იმყოფებოდა. ვატიკანის დელეგაციის დამტკიცების შემდეგ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქის მოსაყდრეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. მწყემსი და მამა, ასე იხსენიებს ლეო მეთოთხმეტე ილია მეორეს. მრავალი წლის მანძილზე, რომის პაპის სიტყვებით, ილია მეორე საქართველოს წინ მიუძღოდა, სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით.
"სულიერი ლიდერი, რომლის მემკვიდრეობა თაობებს დაამახსოვრდება" - ამ სიტყვებით შეაფასა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ღვაწლი. მარკო რუბიოს სამძიმრის წერილი სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა.
მარკო რუბიო არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ამერიკიდან საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამერიკაში საქართველოს საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთეს. პატრიარქის გარდაცვალებას გამოეხმაურა ასევე, გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი - მარკ უოკერიც.
კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, სამძიმარს მსოფლიოს ყველა წერტილიდან, ამ დრომდე იღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთი სამძიმრის წერილი მიიღო აზერბაიჯანიდან. ამჯერად, წერილის ავტორი მეგობარი ქვეყნის პრემიერია. ალი ასადოვი ხაზს უსვამს ილია მეორის მნიშვნელოვან წვლილს ორი ქვეყნის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ქართველ ხალხს მიუსამძიმრა, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმაც. შაიხა ნასრ არ ნოვაისი იმ მემკვიდრეობაზე საუბრობს, რომელიც ილია მეორემ საკუთარი ცხოვრებითა და სასულიერო მსახურებით დატოვა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილების ადრესატია პრეზიდენტიც. მიხელ ყაველაშვილს მიუსამძიმრეს კოლეგებმა: არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ბელარუსიდან, უნგრეთიდან. სხვადასხვა სახელმწიფოების პირველი პირები პატივს მიაგებენ საქართველოს პატრიარქის ხსოვნას და აღნიშნავენ, რომ ილია მეორემ, რომელიც განსაკუთრებული სულიერი მოღვაწე იყო, ეპოქალური კვალი დატოვა ქრისტიანობისა და რელიგიური ფასეულობების დაცვის კუთხით.
სტრასბურგში, ევროპის სასახლის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები ილია მეორის ხსოვნის პატივის მიგებისთვის დაუშვეს. გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ მიიღო. იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს სამხედრო ორდენი, საქართველოში ესპანეთის საელჩო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საერთაშორისო მედია, მათ შორის ისეთი მსხვილი გამოცემები როგორიცაა, "ნიუიორკ თაიმსი", "ფიგარო", "ლემონდი" ... ეს არასრული ჩამონათვალია იმ მედია, პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას ეხმიანებიან. განსხვავებული კონფესიისა და რელიგიური მრწამსის ადამიანები, თუ ორგანიზაციები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ილია მეორის ამქვეყნიური სიცოცხლის დასასრული, დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორეს გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.








