ლოტკინის დასახლებაში, ნებიერიძეების ოჯახში სასწაული ხდებაო, - სოციალურ ქსელში უფოლოგ ერეკლე შონიას მიერ გამოქვეყნებული ვიდეო სწრაფად გახმაურდა და ამოუხსნელი მოვლენის მიმართ ეჭვი, შიში და გაურკვევლობა მალე გულწრფელმა ინტერესმა, რელიგიური და სამეცნიერო არგუმენტების, ისტორიული მეხსიერების გადასინჯვისა და სულიერი ხედვით დანახვის აუცილებლობამ ჩაანაცვლა. უცნაური და აუხსნელი შეხვედრები არამიწიერ არსებებთან ათასწლეულებს ითვლის, თუმცა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მათი არსებობის მაინც არ სჯერა. მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად არსებობენ და მსოფლიოში, როგორც საქართველოში, "რჩეულებს" მათთან გასაიდუმლოებული კომუნიკაციაც კი ჰქონია.
საოჯახო და საგვარეულო ხატებიდან მირონის დენა და საცხოვრებელი სახლის კედლებზე გამოსახული კრიპტოგრამების ურიცხვი რაოდენობის საკუთარი თვალით ნახვის სურვილით "აიპრესი" არაერთხელ ესტუმრა ეკლესიურად მცხოვრები ქალბატონების ოჯახს, სადაც იდუმალ გარემოსთან ერთად, სიყვარულით მოელვარე თვალებით გხვდება მასპინძელი.
ორ თვეზე მეტია, რაც ჩვენს ოჯახში ეს ამბავი ხდება და შიშის ფაქტორი გადალახულია, მოვლენას ვუყურებ როგორც უფლის წყალობას და უკვე არაერთხელ მივიღე მინიშნება, რომ უფლის დიდი სასწაული, ანგელოზის სული ტრიალებს აქ, რომლის ამოხსნა უკვე სამეცნიერო შესწავლის საგანი გახდაო.
- ამ კედლების დანახვა ჩემთვის, დანახვისთანავე ასოცირდა კრიპტოგრამასთან, ანუ პირობითი ასო-ნიშნებით შესრულებული საიდუმლო წარწერა, ჩანაწერი, რომელიც რაღაცას მიანიშნებს. მას შემდეგ რაც თქვენი სახლის ინტერიერი საჯარო სივრცეში გამოჩნდა, უკვე იმდენი მნახველი და მოწმე გყავთ, იდუმალი მოვლენა, უცნაურად თითქოს ვეღარ აღვიქვამ. თავად, რას გრძნობთ როგორც საკუთარ თავზე ამ პერიოდში, რას ამბობენ აქ მოსული მომლოცველები?
- თავად ხართ თვითმხილველი, რაც ხდება ჩემს ოჯახში. აქ არის გამოსახულებები, ფრაგმენტები, რაც არის დატანილი ხევსურეთის, სვანეთის, თუშეთის ხელოვნების ნიმუშებზე. ასე აღწერეს მეცნიერებმა. როცა გამოსახულებების კედლებზე გამოსახვა დაიწყო, ოჯახს შიში დაეუფლა და ასეთი რეაქცია ექნებოდა ალბათ ყველას, სხვაგან რომ მომხდარიყო, თუმცა, ვგრძნობთ, რომ ოჯახში დიდი მადლი შემოვიდა და მლოცველები, ვინც მოდიან, იგივეს ამბობენ. მირონმა, რომელიც ჩვენს ხატებს სდის, უკვე ბევრი ადამიანი განკურნა. ძალიან ბევრი სასულიერო პირი იყო მოსული, 27 ჯერ იკურთხა სახლი და მათი აზრი, არის ასეთი: "ჩვენ ამას ვერ ვხსნით", თუმცა, არ ამბობენ რომ ბოროტისგან არის. პირიქით, მირონს იცხებენ და მოხმარების წესითაც მიაქვთ. რამდენი ადამიანიც მოდის, ყველას დადებითი ემოცია უჩნდება. არავინ ფიქრობს, რომ ვიღაცამ კედლებზე რაღაც მიჩხაპნა და რაიმე გაუგებარ ბოროტებასთან გვაქვს საქმე. მომლოცველები ამ მოვლენას ღვთისგან ბოძებულ სასწაულად მიიჩნევენ. აქ იყვნენ მოსული მორწმუნე ადამიანები, მათ შორის, წარმოშობით თუში, ფშავ ხევსურეთიდან, რომლებმაც შეხედეს გამოსახულებებს და გამოთქვეს საკუთარი აზრი, - თავი ჩვენს სოფელში გვგონიაო. მოგეხსენებათ, ვაჟა ფშაველას მამა იყო მღვდელი და სადაც ის თავის დროზე, მსახურობდა, იმ ტაძრის მრევლია ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ მის სოფელშიც არის მსგავსი გამოსახულებები. სახლში ბებიის ნაქონი ფქვილის ტომარა მაქვს, რომელზედაც ასეთი გამოსახულებებია დატანილი და შემიძლია თვალსაჩინოებისთვის ჩამოგიტანოთო. ასევე, ფშაველმა ქალბატონმა ბრძანა, ბებია დაზგაზე ხალიჩებს ქსოვდა და მსგავს ორნამენტებს აყოლებდა ნამუშევრებსო... მე ვერ ვიტყვი და არ ვიცი, თუმცა, მოვიძიე გუგლიში შესაბამისი კუთხური წარმომავლობის ორნამენტები, შემდეგ მოვიდნენ სპეციალისტები.. ბატონ გოგი გიგაურს ყველა იცნობს, არის ბრწყინვალე პიროვნება და მეცნიერი, რომელიც ხსნის მსგავს გამოსახულებებს და აღმოჩნდა რომ საქმე არ გვაქვს ბოროტ მოვლენასთან, აქ გამოსახული ფიგურები წარმოადგენს ღვთიურ მადლს, ჯვრის სიმბოლიკას. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ დალოცვილი ერი ვართ. ყველას სურვილია საქართველოს გაბრწყინება. აქ მოსული ადამიანები მადლიერები არიან და მეც იგივე თითოეული მათგანის მსგავსი ადამიანი ვარ. უბრალოდ, აქ არის დაბრძანებული ღვთისმშობელი სხვა დანარჩენ ხატებთან ერთად, რომელიც ყველას შეეწია.
- ისტორიულად ცნობილია, რომ სამყაროს ხედვას ოდესღაც მთაში კრიპტოგრამის მეშვეობით გამოხატავდნენ, რომლის ნიმუშებს არაერთი ისტრორიული ადგილი ინახავს და სამეცნიერო ისტორიული ცოდნის სხვა სფეროს წარმოადგენს. საინტერესოა, სპეციალისტებმა ვინც უკვე სცადა მისი გაშიფვრა, გამოითქვა თუ არა სამეცნიერო მოსაზრება, რომ ამ კედლებზე გამოხატული ფიგურების შინაარსობრივად საქართველოს ისტორიასა და რელიგიას უკავშირდება? საინტერესოა, რაზე მიანიშნებს აღნიშნული გამოსახულებების ერთობლიობა...
- კრიპტიგრამები, რაც ქვეყნის მასშტაბით დღემდეა შემორჩენილი, თავისთავად ისტორიაა. იყო დრო, როცა ადამიანები ვერ საუბრობდნენ და ერთმანეთთან კომუნიკაცია მსგავსი ნიმუშების მეშვეობით ჰქონდათ. დავუშვათ, დახატულია ხმალი, ზეცაში ასასვლელი კიბე და სხვა... რელიგიის წარმომადგენლებმა უბრალოდ, არ იციან ახსნა, თუმცა ამბობენ, რომ ხილულად გვინახავს მსგავსი გამოსახულებებიო. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე ეკლესია-მონასტერში... მღვდლად ხომ არავინ არ იბადება, ადამიანი ხომ მერე ირჩევს თავისი სურვილის მიხედვით რა უნდა და როგორ უნდა. მეცნიერება რომ არ ჩარეულიყო იქ, სადაც მაცხოვრის სუდარა არსებობდა, ქრისტეს სახე ხომ არავის უნახავს. ასევეა ჩვენი მამა გაბრიელი, რომელიც შეურაცხყვეს და ეგონათ, რომ არ იყო ადეკვატური (მაპატიოს უფალმა). მისი სისხლი გაისინჯა, წმინდანად არის შერაცხული და დღესაც სასწაულებს ახდენს. მამა ზაბულონი არსებობს ასეთი ბერი, რომელსაც დავუსვი კითხვა, რატომ მოხდა მაინცდამაინც ჩვენს ოჯახში, როცა შეიძლებოდა ნებისმიერ სხვა ოჯახში მომხდარიყო ეს, - მან ახსნა ასე: თქვენი ოჯახი უფალმა იმიტომ ამოირჩია, რომ თქვენ მას მოუვლიდით და შეინახავდითო. მართლაც, როცა ასეთი ამბავი დაიწყო სახლში, მე არ გამიხმაურებია, სახლის კარიც არ გამიღია, ვიდრე არ გავიგებდი რასთან მქონდა საქმე, არ მიმიცია თავისთვის უფლება, ადამიანებისთვის დამეძახა. მე არავინ ვარ და ღვთის ნება იყო, სხვა ადამიანების მოსვლა და ამ ადგილზე განკურნება. ამჟამადაც არიან მოწვეული სპეციალისტები, რათა აიხსნას, ამ კედლების მოხატულობით რას გვეუბნება უფალი, შეგიძლიათ შეხედოთ მოხატულობის ამ ფრაგმენტს, სადაც წერია სიტყვა: "ამენ" - ანუ, "ამ ენით გესაუბრებით". აი, ამ ენით გვესაუბრება: - აქ არის დახატული ისტორია, როგორ ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები და არის ახალი ისტორია, გამოხატული ორი ჯვრით, ანგელოზები ხილულად, კიბე ზეცაში...
- მირონს საკურნებელი ძალა აქვს და თქვენი ხატები უწყვეტად აფრქვევს სურნელოვან სითხეს ....
- თქვენ თავად გამოსცადეთ, რომ მირონს საკურნებელი ძალა აქვს, თავად იცხეთ და შეგეწიათ. ამ პერიოდის განმავლობაში, უკვე არაერთი ფაქტი მოხდა აქ მოსული ადამიანების განკურნების. მაგალითად, მოსული იყო მამაკაცი, რომელსაც ცალ სანერწყვე ჯირკვალში ჰქონდა ქვები და სიმსივნური წანაზარდი. როგორც თავად თქვა, არასდროს ჩამიცვამს ყელიანი სვიტერიო და ისე ჰქონდა ჩამოსიებული ყბის ორივე მხარე, ჩაცმულობიდან მოუჩანდა. ეს ადამიანი არ იყო ეკლესიურად მაზიარებელი, უბრალოდ, რწმენა ჰქონდა ძალიან დიდი, იცხო მირონი და თქვა, რომ მეორე დღეს საავადმყოფოში მიდიოდა დაგეგმილი ოპერაციის გასაკეთებლად. როგორც შემდეგ მითხრა, ოპერაციაზე წასვლის წინ კიდევ ერთხელ ვიცხე მირონიო. მანქანაში დედაჩემი ზურგს უკან მეჯდა და დამიძახა, რომ მივიხედე, იკითხა, სად წავიდა შენი სიმსივნეო. გავვოცდი, სახეზე ხელი რომ მოვისვი და სვიტერი გავიწიე, ჩამოსიებული ადგილის ნაცვლად სიმსუბუქე ვიგრძენი. მაშინვე ვთქვი, აღარ წავალ ოპერაციის გასაკეთებლადო. კლინიკაში რომ შევედი, ექიმმა ვერ მიცნოვო. სამი საათი გაგრძელდა ოპერაცია და პროფესორს, რომელიც ოპერაციას აკეთებდა, გაოგნებისგან ლანცეტი ხელიდან გაუვარდა, სიმსივნე ადგილზე არ დახვდაო. უბრალოდ, კენჭები ამოუღეს და 18 ნაკერი დაადეს. როგორც მამაკაცმა მითხრა, ოპერაციის შემდეგ ყველა რომ ტკივილგამაყუჩებელს და ანტიბიოტიკური ჯგუფის პრეპარატს საჭიროებს, არცერთი არ დამჭირდაო. არანაირი ტკივილი არ ჰქონია და არც წამალი დასჭირვებია. საავადმყოფოდან ერთი კვირის გამოწერილი მოვიდა ჩვენთან, ჩამოიწია თავისი სვიტერი და მითხრა, აბა, თუ მიხვდებით, რომელ მხარეს მაქვს ოპერაცია გაკეთებულიო. წარმოიდგინეთ, 18 ნაკერიანი ჭრილობა, რომელსაც ნაწიბურიც კი არ ეტყობოდა. მეორე მაგალითი, სასწაულებრივი კურნების ის იყო, რომ 2 წლინახევრის ბავშვი მოიყვანეს, რომელსაც საუბარი არ შეეძლო და მირონის ცხებიდან სამ წუთში ბავშვი ალაპარაკდა. ბებიამ როგორც თქვა, ბავშვი ხელში აყვანას ითხოვს მუდამ, სათამაშოებით დამოუკიდებლად თამაშიც არ შეუძლია და საკუთარი სახლის ეზოშიც კი არასდროს გაურბენია. მოხდა სასწაული - ბებიამ ბავშვს აცხო მირონი, ყველა აქ ვიყავით და ორი წუთის შემდეგ ხელში აყვანილმა ძირს ჩამოსვლა მოითხოვა. დაიწყო ოთახებში დამოუკიდებლად სიარული და ყველამ ერთად ვნახეთ, ხატების კუთხესთან მუხლის ჩოქვით მისულმა მეტანიების შესრულება როგორ დაიწყო. წარმოიდგინეთ, ორი წლის ბავშვმა პატარა ხელები დაადო ხატებს და მაშინვე ალაპარაკდა თავისებური ენით. პატარა დემეტრეს ვუთხარი, შეხედე, შენს გულში ღვთისმშობელი შემოვიდა, ახლა ხომ კარგად ხარ მეთქი და თავს მიქნევდა. ხომ კიდევ მოხვალ მეთქი და ბავშვმა მითხრა, - კიო. მის მშობლებს რომ შევხედე, გაოგნებული მიჩერებოდნენ საკუთარ შვილს.
- თავად რას გრძნობთ, რა შეიცვალა თქვენს პიროვნებასა და თქვენს ცხოვრებაში? ერთია, მადლი რომელსაც ღმერთი ადამიანს უბოძებს და მეორეა, როგორ დაიტევს ადამიანი ამ ნაბოძარ მადლს, არ გიჭირთ ყოველდღიურად ახალი რეჟიმით ცხოვრების ატანა?
- განა როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომ ღმერთის ნაბოძები ასეთი სიმდიდრე და ფუფუნება ვერ შეიგრძნოს. ჩემი და ჩემი და ჩემი ოჯახის სიხარულს საზღვარი არა აქვს, მაგრამ ამავდროულად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან რთულია ჩემთვის ყოველდღიურად ამდენი მომლოცველის მოსვლა და ნახვა, ვინ როგორ ევედრება ხატებს მუხლმოყრილი შვილის, ახლობლის გადარჩენას, ჩემზე ძალიან მოქმედებს. მე ცოდვილი ადამიანი ვარ და არაფერს წარმოვადგენ იმ ძალასთან შედარებით, რა ძალაც ჩემს ხატებს და მისგან მომდინარე მირონს გააჩნია. აქედან რომ დედა ბედნიერი მიდის და შემდეგ საჩუქრად მის სამადლობელს ვისმენ, ჩემი და ჩემი ოჯახის სიხარული უსაზღვროა. მადლობელი ვარ ღმერთის და განწყობა მაქვს ისეთი, რომ რამდენიმე დღედ ღამე არ მძინებია და დაღლის მსგავსი არაფერი მიგრძვნია. ადამიანის ნებაა, როგორ მიიღებს იმას, რაც აქ ხდება, ჩემთვის მადლი და უფლის დიდი წყალობაა.