კრივი სპორტული ორთაბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობაა მსოფლიოში დ ა განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს საქართველოში. უამრავი დარბაზია გახსნილი. ვისთან უნდა მივიყვანოთ ბავშვი, რომ სწორად განვითარდეს და ჯანმრთელობას ზიანი არ მიადგეს ამ საკითხებზე გვესაუბრება ჩვენი რესპონდენტი, კრივის აკადემიის ხელმძღვანელი, სპარტაკ ლაზარაშვილი.

- კრივი არის სპეციფიკური სპორტი, სადაც პირდაპირ ბავშვზე მიდის ფიზიკური დატვირთვა და შესაბამისად, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემაც შეიქმნას, ამიტომ აუცილებელია მწვრთნელი იყოს მოკრივე. ქართველებს გვაქვს მაგის ფუფუნება, გვყავს პროფესიონალი მწვრთნელები, მშობელს დიდი არჩევანი აქვს, მას შეუძლია  ბავშვი გამოცდილ მწვრთნელთან მიიყვანოს, არ შეიძლება არაპროფესიონალმა ასწავლოს კრივი ბავშვს.

- საქართველოში არის მსგავსი პრობლემა? არაპროფესიონალები ასწავლიან ბავშვებს?

- ეს დიდი პრობლემაა. იმის გამო, რომ დღეს განსაკუთრებულად პოპულარულია კრივი, გამოუცდელი, სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლები, დარბაზებს ხსნიან და წვრთნიან ბავშვებს.

- კანონმდებლობით ყველას შეუძლია გახსნას დარბაზი და ბავშვებს ასწავლოს ეს სპორტი?

- სამწუხაროდ კი.

- დაახლოებით, რამდენი დარბაზია გახსნილი?

- ბევრი დარბაზია, რომელიც დიდი ხანია გახსნილი, იქ მუშაობენ გამოცდილი მწვრთნელები და კარგი შედეგებიც აქვთ, მაგრამ პარალელურად ფიტნესდარბაზებშიც მიდის კრივში ვარჯიში, რისი კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. არ შეიძლება ასეთ ადგილებში ბავშვის მიყვანა, არ შეიძლება ფეხბურთელი იყოს კრივის მწვრთნელი... თუ ის ვერ ხვდება ბავშვი რინგზე რას გრძნობს, რა ტკივილს განიცდის, რადგან თვითონ არ გამოუცდია, ის კარგი მწვრთნელი ვერ გამოვა, ამიტომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. კანონი უნდა არეგულირებდეს ამას, რაც დღეს არ ხდება.

- რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის კრივზე მიყვანა?

- 7-8 წლიდან შეიძლება ბავშვი ამ სპორტზე შეიყვანო. აქვე გეტყვით, რომ ზედა ზღვარი არ არსებობს. ადამიანი ფიზიკურად თუ ჯანმრთელია, გამოცდილ მწვრთნელთან ჩვეულებრივად შეძლებს იმ ტემპში ვარჯიშს, რაც მისი ასაკისთვისაა მისაღები. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მწვრთნელი უნდა იყოს გამოცდილი, რომ ეს ყველაფერი აკონტროლოს. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა უნდა. ზოგს მეტი შეუძლია, ზოგს ნაკლები, ზოგიერთი მათგანი შეჯიბრებისთვის ემზადება, ზოგი უბრალოდ კარდიოვარჯიშს აკეთებს. შედეგიც ინდივიდუალურია და ფიზიკურ მონაცემზეა დამოკიდებული. ძალიან კარგი შედეგები აქვთ ბავშვებს რაიონებში, ფიზიკურად უფრო ძლიერები არიან. ქალაქშიც ძალიან კარგად ვარჯიშობენ, მაგრამ ყველა მათგანი წარმატებული სპორტსმენი ვერ გამოვა, კარგი მწვრთნელი იმ წუთში ამჩნევს გამორჩეულ ბავშვს.

- რა შეიძლება ითქვას რისკებზე?

- როგორც გითხარით, დატვირთვიდან გამომდინარე, ამ სპორტს გარკვეული რისკებიც ახლავს, ამიტომ უნდა იყოს მწვრთნელი გამოცდილი, რომ ბავშვის ჯანმრთელობა არ დააზიანოს. აუცილებელია მოსთხოვოს ჯანმრთელობის ცნობა, რომ თავიდანვე იცოდეს შეიძლება თუ არა მისი ვარჯიში, ან რა დოზით დატვირთოს. სამწუხაროდ, ვიცი მწვრთნელები, რომლებიც, რბილად რომ ვთქვათ,  ასეთ ნიუანსებს არ ითვალისწინებენ... ბავშვის ჯანმრთელობა არის პირველ რიგში და მერე დანარჩენი ყველაფერი. მწვრთნელი, რომელიც 10 – 15 და 20 წელი მუშაობს, ასეთ შეცდომას არ დაუშვებს. ამიტომ, მშობელმა თავისი შვილისთვის ყოველთვის უნდა მოძებნოს მწვრთნელი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს და არა იმის გათვალისწინებით ფეისბუკზე ვის რამდენი გამომწერი და მეგობარი ჰყავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მწვრთნელი უნდა იყოს გამოცდილი.

- ახლა კრივის სასარგებლო თვისებებზეც ვისაუბროთ...

- იმის გარდა, რომ ბავშვი ფიზიკურად უფრო ძლიერი და თავდაჯერებული ხდება, მთელი ორგანიზმი საათივით მუშაობს, ბევრ მეგობარს იძენს, ეს მარტო სპორტი არ არის, აქ მეგობრობას და ურთიერთპატივისცემასაც სწავლობენ - რინგზე შეიძლება ერთმანეთს შეებრძოლონ, ატკინონ, მაგრამ მერე ერთმანეთს ეხუტებიან და ხშირ შემთხვევაში ეს მეგობრობა მთელი ცხოვრება მიჰყვებათ. პატარა ოჯახივით არის. ამიტომ, სასურველია, რომ ყველა ბიჭმა გაიაროს ეს პატარა ცხოვრებისეული სკოლა. კრივი განსაკუთრებული სპორტის სახეობაა.