სოციალურ ქსელში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ვიდეო ჩანაწერი ვრცელდება, სადაც პატრიარქი მასწავლებლებს თხოვნით მიმართავს:
„მინდა, ვთხოვო მასწავლებლებს: არ ვიცი, ამას შეასრულებთ, თუ არა, მაგრამ მე მინდა, ასეთი ლოცვა-კურთხევა მოგცეთ - მოწაფეს არასდროს დაუწეროთ ორიანი, იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია... უბრალოდ, ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ, რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ.
თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა, ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს, ან დაღუპოს აღსაზრდელი. ხომ ნათქვამია, ხეს რომ ყოველ დღე შესძახო, გახმიო, გახმება.
ნურასოდეს ნუ ეტყვით ბავშვებს, რომ უნიჭონი და ცუდნი არიან, შეიბრალეთ ისინი და ნუ დაამცირებთ კლასის წინაშე.
ნურასოდეს დაუწერთ ბავშვს ორიანს. განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყარით ე.წ. ძნელადაღსაზრდელთ - სწორედ მათგან გამოდიან გენიალური ადამიანები, ან ცნობილი დამნაშავენი.
ასეთი ბავშვები ფლობენ დიდ ენერგიას და ითხოვენ განსხვავებულ დამოკიდებულებას.
კარგი აღმზრდელის ხელში ისინი გამორჩეულ პიროვნებებად ჩამოყალიბდებიან, თუ არა და მათი განვითარება სხვა მიმართულებით წავა“, - ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.









