თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი ამერიკის შეერთებულ შტატებში საგასტროლო ტურნეს იწყებს.
გასტროლი ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე ქალაქში - ნიუ-იორკში (Lehman Centre sor the Performing Arts), ფერფაქსში (George Mason University’s Center for the Arts), ნიუ ორლეანში (Mahalia Jackson Theater), მინეაპოლისსა (Northrop at the University of Minnesota) და დეტროიტში (Detroit Opera) გაიმართება. გასტროლი ამერიკაში 2 მაისს დასრულდება.
საგასტროლო პროგრამაშია ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტები - „სერენადა“, „მოცარტიანა“ და „კონჩერტო ბაროკო“. საბალეტო დასი ასევე შეასრულებს იური პოსოხოვის ბალეტს „საგალობელი“.
17- 21 აპრილს ნიუ-იორკში ვალენტინა კოზლოვას ბალეტის საერთაშორისო კონკურსი გაიმართება. კონკურსის ჟიურის (კლასიკური ბალეტი) წევრია პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი. კონკურსის გახსნის ცერემონიალში 18 აპრილს მონაწილეობას მიიღებს საბალეტო დასის მოცეკვავეები. ინფორმაციას კონკურსის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს საბალეტო დასის მეექვსე გასტროლია (2007, 2008, 2010, 2011, 2016), მას შემდეგ რაც საბალეტო დასს ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელობს.
საბალეტო დასის ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპანია OZ Productions მოწვევით მიემგზავრება. ცნობილ პროდიუსერთან ოფერ ზაქსთან საბალეტო დასს რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. 2018 წელს კომპანიის მიერ მოეწყო საბალეტო დასის წარმატებული გასტროლი ისრაელის ქალაქებში - ბერშევაში, ჰერცილიაში, იერუსალიმსა და ჰაიფაში.
კომპანია 2021 წელს ასევე გეგმავდა ქართული ბალეტის გასტროლს მინესოტის უნივერსიტეტის ნორტროპის სცენაზე, რომელიც კოვიდ პანდემიის გამო არ შედგა. გასტროლის გადადების გამო "Northrop University of Minessota"-ს დაკვეთით გადაღებული იქნა ფილმი „საქართველოს სახელმწიფო ბალეტი დღეს” (რეჟისორი შალვა შენგელი), რომლის პრემიერა 2021 წლის 20 მარტს მინეაპოლისში (მინესოტას შტატი, აშშ) შედგა.
5 მაისიდან საბალეტო დასი საგასტროლო ტურნეს იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში გააგრძელებს. Bologna Exhibition Hall - ში წარმოდგენილი იქნება ლუდვიგ მინკუსის ბალეტი „დონ კიხოტი“. ORCHESTRA DEL TEATRO COMUNALE DI BOLOGNA-ს პაპუნა ღვაბერიძე უდირიჟორებს. იტალიაში გასტროლი კომპანია RGE (Roberto Giovanardi Entertainment) მიერ ხორციელდება.