შინაგან საქმეთა მინისტრის, ვიცეპრემიერ ვახტანგ გომელაურის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა.

შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.


შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.

შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, 2024 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით მიმართა. სადაც წერდა: "ოფიციალური პირისაგან განმემარტოს, თუ რის საფუძველზე მიიღო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება და მომიხსენია დასანქცირებულთა სიაში"