შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობის სიგელები და სასაჩუქრე კალათები გადაეცათ. კომპანიის 100 თანამშრომელი „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ მოადგილეებთან ერთად დააჯილდოვა.
გიორგი პაპავამ მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი თანამშრომლების უმრავლესობა მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ დედაქალაქი იყოს მოწესრიგებული, დასუფთავებული და განათებული. განსაკუთრებული დატვირთვა აქვთ მათ წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც ვიწყებთ საახალწლო ილუმინაციების მოწყობას და მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიება ტარდება. ძალიან დასაფასებელია ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის და ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საქმის დიდი მონდომებით, კეთილსინდისიერად შესრულებისთვის“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
თანამშრომლების დაჯილდოების ღონისძიება „თბილსერვის ჯგუფის“ ცენტრალური ოფისის ეზოში, კახეთის გზატკეცილი N67-ში გაიმართა.