დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას გოგი ჩიქოვანი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ წარმატებები უსურვა გოგი ჩიქოვანს და მადლობა გადაუხადა ლაშა მაჭავარიანს, რომელიც ამ დრომდე იკავებდა აღნიშნულ პოზიციას.
„მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოზიციაზე მინდა წარმოგიდგინოთ გოგი ჩიქოვანის კანდიდატურა. მან რამდენიმე თვის წინ დაიკავა საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობა და ამ ხნის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის არის კარგი მენეჯერი, პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია თამამად შეეჭიდოს გამოწვევებს. გოგი ჩიქოვანმა ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე კარგი შედეგი აჩვენა. მინდა მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები ვუსურვო.
ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო გაწეული შრომისთვის ლაშა მაჭავარიანს, რომელიც აქამდე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა. წარმატებებს ვუსურვებ მას მომავალ საქმიანობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.