ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
რუსეთში მოხალისეთა ინტერნაციონალური დანაყოფი „გეორგიევსკი“ შეიქმნა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონაში საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად. ამის შესახებ TASS-ს განუცხადა დანაყოფის მეთაურმა, საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ვეტერანმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ.
„სწორედ რუსმა მიხაილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე 1945 წელს. ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე იბრძოდა თავისუფლებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ მტრის განადგურების სიმბოლოს, როგორც მაშინ, კვლავ რუსი და ქართველი აღმართავენ. ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების გაერთიანებისა და ტრადიციული ოჯახური ღირებულებების დაცვის მხარდამჭერებმა და თანამოაზრეებმა შევქმენით საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“, - თქვა მან და დააზუსტა, რომ სახელი უკავშირდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ხალხის ისტორიაში.
მისი თქმით, დანაყოფის მთავარი ამოცანაა „დაასრულოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელ მსოფლიოს ემუქრება“. რომანოვ-ფარცხალაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხარეს „სპეციალურ საბრძოლო ოპერაციაში“ მონაწილეობა ნებაყოფლობით გადაწყვიტა.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების დასაწყისიდანვე ის და მისი გუნდი აქტიურად ეხმარებოდნენ რუს სამხედრო მოსამსახურეებს და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის, კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქების მშვიდობიან მოსახლეობას.
„დღეს, როდესაც რუსეთი უპირისპირდება დასავლეთის ზეწოლას, იცავს თავის იდენტობას, ტრადიციებს, ენასა და კულტურას, მე მზად ვარ დავეხმარო ჩემს სამშობლოს მისი ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - დასძინა მან.
Tass-ი, აგრეთვე სხვა წყაროები, ინფორმაციას ფოტოს გარეშე აქვეყნებენ, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მამუკა ფიფია კი თავისი ტელეგრამის არხზე Tass-ის ინფორმაციას აზიარებს და მას სამხედრო ფორმაში გამოწყობილი თავი მეგობრის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ფოტოს ურთავს. 




