საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სააგენტოს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ კონკურენციის აღსრულების პოლიტიკაზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ კანონის აღსრულებაზე ისაუბრა.
ანგარიშის მიხედვით, დასრულდა ოთხი მოკვლევა, საიდანაც ორში დადასტურდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მიმდინარეობდა 7 სტრატეგიული ბაზრის მონიტორინგი. დასრულდა დემპინგის ერთი ქეისის შესწავლა. მომხმარებელთა უფლებების კუთხით კი განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა და მოქალაქეებმა 1 მლნ. ლარამდე თანხის უკან დაბრუნება შეძლეს.
GCCA-ის თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის შეფასებით 2025 წელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით, შედეგებითა და საერთაშორისო აღიარებებით გამოირჩეოდა. დაარსებიდან 12 წლის თავზე, GCCA-იმ გააძლიერა გავლენა შიდა სტრატეგიულ ბაზრებზე და კიდევ უფრო გაზარდა ჩართულობა საერთაშორისო პლატფორმებზე.
კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ოთხი მოკვლევა, მათ შორის, ორ შემთხვევაში დადგინდა ჭარბი ფასი. ფარმაცევტულ ბაზარზე გამოვლენილი დარღვევების შედეგად, ოთხ კომპანიას, ჯამურად, 600 ათას ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. კიდევ ერთი დარღვევა შეეხებოდა რუსთავის ავტო-ბაზრობას, რომელიც 900 ათას ლარამდე დაჯარიმდა. რიგ ქეისებში დარღვევები არ დადასტურდა, თუმცა გაიცა რეკომენდაციები.
GCCA-ი აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ბაზრის მონიტორინგს, მათ შორის – საწვავის, FMCG-ის, აგროსასუქების/პესტიციდების, თამბაქოსა და სამედიცინო სერვისების მიმართულებით. ანგარიშში წარმოდგენილია შუალედური ანგარიშები და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები პოლიტიკის განმახორციელებელი უწყებებისთვის.
2025 წელს გადამოწმდა დაახლოებით 24 ათასამდე რეგისტრირებული კონცენტრაცია და 18-ზე გაიცა თანხმობა. ყველაზე მეტი კონცენტრაცია სამშენებლო და სამშენებლო მასალების სექტორში განხორციელდა, შემდეგ პოზიციებზე კი, საცალო ვაჭრობის და სამედიცინო/განათლების სექტორები არიან.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2025 წელს სააგენტოში შესული განაცხადების რაოდენობა 65%-ით გაიზარდა. სააგენტოს ჩართულობით, მომართვების 90%-ზე მეტი მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა და მოქალაქეებმა წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 1 მილიონ ლარი დაიბრუნეს უკან. განაცხადების 70%-მდე ონლაინ ვაჭრობას ეხება, ლიდერი სექტორი ტანსაცმლით, ტექნიკით ვაჭრობა და მიტანის სერვისებია. მომხმარებელი ყველაზე ხშირად თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. მომხმარებელთა საჩივრები განიხილება ერთი თვის ვადაში – ყოველგვარი ხარჯის გარეშე.
„2025 წლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა GCCA-ის მიერ მომხმარებელთა საერთაშორისო ქსელის – ICPEN-ის – პრეზიდენტობის მოპოვება 2026/2027 წლებში. ქსელი 90-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს აზიარებს. პრეზიდენტობის ფარგლებში, საქართველო 2026 წლის სექტემბერში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. GCCA-იმ, გასულ წელს, მსოფლიო ბანკის საერთაშორისო აღიარება და ჯილდო მოიპოვა ფარმაცევტულ სექტორში მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შედეგად მომხმარებლებისთვის პოზიტიური შედეგების მიღწევისთვის. აღნიშნული ქეისები საუკეთესოდ დასახელდა 40 ქვეყნის მიერ წარმოდგენილ გადაწყვეტილებებს შორის. მსოფლიო ბანკმა ასევე საუკეთესოდ შეაფასა GCCA-ის საკომუნიკაციო სტრატეგია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.
ანტიდემპინგის პოლიტიკის ფარგლებში, 2025 წელს დასრულდა ერთი კვლევა, რომელიც შეეხებოდა არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტს ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. მთავრობის მიერ შემოღებული ადგილობრივი წარმოების დამცავი მექანიზმების (ტარიფის) გათვალისწინებით, დამატებითი ტარიფის შემოღება არ იქნა მიზანშეწონილად ჩათვლილი.
„GCCA-თვის წელი აქტიური იყო საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხითაც. 2025 წელს GCCA-იმ მეოთხედ უმასპინძლა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც 18 ქვეყნის 50-ზე მეტი საერთაშორისო სპიკერი მონაწილეობდა. ასევე, GCCA-იმ წამყვანი და ლიდერის როლი შეასრულა UNCTAD-ისა და OECD-ის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს 30 წელი შესრულდება საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნიდან, ანგარიში წარმოდგენილია ყველა ის მნიშვნელოვანი ამბავი რაც ამ წლებში იქნა მიღწეული. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო 2026 წელსაც გააგრძელებს პროაქტიკულ საქმიანობას სტრატეგიულ ბაზრებზე კონკურენციის ხარისხის გაუმჯობესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.




