სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
🔷 აღნიშნულ საქმეზე მომჩივანი ფიზიკური პირების პრეტენზია შეეხებოდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.
🔷 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან რუსეთი მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლს დღემდე ახორციელებს.
🔷 სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად აფხაზეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლება მასზე ვერ ახორციელებს ეფექტურ კონტროლს რუსეთის მხრიდან სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ჩარევის გამო.
🔷 ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან ეფექტური კონტროლის განხორციელების შეუძლებლობის მიუხედავად, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით მიუთითა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ყველა შესაძლებელი და გონივრული ღონისძიება აფხაზეთში პირთა საკუთრების უფლების დასაცავად.