მე როცა ციხეში ვიყავი, ვშიმშილობდი და რეჟიმის უფროსმა გამიყვანა და ასეთი რამე თქვა: ხომ ხედავ, ექიმი არ გაკითხავს, პატრონი აქ არავინ გყავს და ნუ შიმშილობ, თორემ, თირკმელი გაგეთიშება და 17 თეთრად ჩამოგწერენო. მაშინ ვთქვი, რომ მე შიმშილობას შევწყვეტ და არაფრით არ დავუშვებ რომ მე აქ მოვკვდე-მეთქი,  -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მიერ დაზარალებულმა ნანა ქადაგიშვილმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა. 

მისი განცხადებით, პატიმრები "ნაცმოძრაობის" რეჟიმისთვის 17 თეთრიც არ ღირდნენ, ვინაიდან, არც საჭმელს, წყალს და მედიკამენტებს აძლევდნენ და არც ტუალეტი ან დაბანის საშუალება ჰქონდათ. საკანში კი, ქადაგიშვილის თქმით, ზოგჯერ ტემპერატურა -10 გრადუსამდე ეცემოდა და პატიმრებს ტანსაცმლით ეძინათ.

"ალბათ ეს 17 თეთრი იმიტომ იყო, რომ ჯერ ერთი, ადამიანი არაფრად ღირდა მათთვის და მეორე - ჩვენ არც 17 თეთრი არ ვღირდით მათთვის: საჭმელს ჩვენ არ გვაძლევდნენ, წყალს ჩვენ არ გვაძლევდნენ, ტუალეტი ჩვენ არ გვქონდა და დაბანის საშუალება. საჭმელი და მედიკამენტი არ გვქონდა, თუ ვინმე ჩვენიანი არ შემოგვიტანდა, შიმშილით ვკვდებოდით იმ ცივ, გაყინული ოთახში, სადაც ხანდახან ტემპერატურა -10 გრადუსი იყო. ფეხსაცმელი და ხელოვნური "შუბა" მოვატანინე სახლიდან და იმით ვიწექი, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვიწექით ლოგინში, იმას თუ ლოგინი ერქვა - აი, ამიტომ ვღირდით 17 თეთრი, რა პრობლემა იყო მათთვის ჩვენი სიცოცხლე," - განაცხადა ნანა ქადაგიშვილმა.